ევროპა მიმდინარე კონფლიქტის მიმართ ამერიკასთან შედარებით უფრო მგრძნობიარეა - Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის ანალიტიკოსი
ევროპა ამ კონფლიქტის მიმართ მეტად მგრძნობიარეა, ვიდრე ამერიკა, - აცხადებს Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის ანალიტიკოსი მარიამ ნატროშვილი, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო.
მარიამ ნატროშვილის განცხადებით, ევროპულ საფონდო ბირჟებზე გასულ კვირას პოზიტიური დინამიკა შენარჩუნდა, რაც გეოპოლიტიკური ფაქტორების დროებით შემსუბუქებას უკავშირდებოდა. „გასულ კვირას თუ შევხედავთ, ისევ და ისევ გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, სანამ დაიძაბებოდა სიტუაცია ჰორმუზის სრუტის ჭრილში, ევროპაშიც საკმაოდ კარგი და პოზიტიური კვირა დასრულდა ბირჟების კუთხით. განსაკუთრებით წამყვანმა ინდექსმა თითქმის 2%-იანი ზრდა გვაჩვენა, ასევე ლიდერობდა გერმანია 3.77%-იანი ზრდით და არცთუ ისე ცუდი შედეგები ჰქონდათ საფრანგეთსაც და იტალიასაც. ამის განმაპირობებელი იყო ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის გახსნასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება. ამჟამად ევროპულ სურათს განსაზღვრავს სამი სხვადასხვა ფაქტორი: უპირველესად, ეს არის ენერგეტიკა, ვგულისხმობ ნავთობის ფასებს, რომლებიც 2025 წლის დეკემბრის შემდეგ 84%-ით არის გაზრდილი“, - ამბობს მარიამ ნატროშვილი.
Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის ანალიტიკოსის შეფასებით, ევროპულ ბაზრებზე მთავარი გავლენა ენერგეტიკულმა ფაქტორებმა და მონეტარულმა პოლიტიკამ იქონია. მისი თქმით, ნავთობის ფასის ერთ ბარელზე 104 დოლარამდე ზრდამ კორპორატიულ მარჟებზე ზეწოლა გააძლიერა, ხოლო ევროპის ცენტრალური ბანკი ინფლაციასა და შენელებულ ეკონომიკურ ზრდას შორის ბალანსის დაცვას ცდილობს.
„ნავთობის ფასმა ერთ ბარელზე 104 დოლარსაც კი მიაღწია. ამას, რასაკვირველია, მყისიერი რეაგირება მოჰყვა, რაც ნავთობის ფასებზე და შესაბამისად უკვე კორპორატიულ მარჟებზეც აისახა. მეორე საკითხი, რაც მნიშვნელოვანია, ეს არის ევროპის ცენტრალური ბანკი, რომელიც მზარდ ინფლაციასა და შენელებულ ეკონომიკურ ზრდას შორის არის მოქცეული და ასევე უნდა აღვნიშნო საერთაშორისო სავალუტო ფონდის გადაწყვეტილება, რომლებმაც განაცხადეს, რომ 2026 წლის ევროზონის ზრდის მაჩვენებელი 2.1%-დან 1.1%-მდე შემცირდა. ფაქტობრივად შეიძლება ჩავთვალოთ, რომ საზოგადოებას აფრთხილებენ პოტენციური ენერგეტიკული კრიზისის შესახებ“, - განმარტავს მარიამ ნატროშვილი.
მისივე თქმით, ჰორმუზის სრუტეში ვითარების გამწვავება და ნავთობტანკერების დაკავება საერთაშორისო ბაზრებზე არასტაბილურობას ზრდის.
„ვითარებაზე დამატებით გავლენას ახდენს რამდენიმე დღის წინ ჰორმუზის სრუტის გარშემო დაძაბულობის მორიგი ტალღა. მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროებმა ირანის მინიმუმ სამი ნავთობტანკერი დააკავეს, ირანმაც თავის მხრივ ორი სატვირთო გემი შეაჩერა, რაც რეგიონში სიტუაციას ისევ არასტაბილურს ხდის“, - ამბობს მარიამ ნატროშვილი.
სხვა სიახლეები
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - მიხეილ მაღლაკელიძე წარუდგინა
27.04.2026.18:20
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - მიხეილ მაღლაკელიძე წარუდგინა. მას ამ დრომდე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა.
ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ სამსახურის ყოფილი უფროსი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და მამუკა ბარათაშვილი, ასევე შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.
ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ირაკლი (დაჩი) ბერაიას მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის და წარმატებები უსურვა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობაზე.
შეხვედრაზე მან, კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა შემოსავლების სამსახურის მუშაობის მნიშვნელობას ქვეყნის წინსვლისთვის და იმედი გამოთქვა, რომ კვლავ გაგრძელდება ყველა ის რეფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს ეფექტიან საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირებას.
როგორც მან აღნიშნა, მიხეილ მაღლაკელიძე კარგად იცნობს შემოსავლების სამსახურის სისტემას, ვინაიდან მას წლების განმავლობაში უწყებაში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა.
ლაშა ხუციშვილმა ხაზი გაუსვა მის პროფესიონალიზმს და იმედი გამოთქვა, რომ მისი წარმატებული საქმიანობა გაგრძელდება ახალ სამსახურში მუშაობის პერიოდშიც.
თავის მხრივ, მიხეილ მაღლაკელიძემ მადლობა განაცხადა ნდობისთვის და აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსახური უწყების თანამშრომლებთან ერთად, კვლავ გააგრძელებს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის ხელშეწყობას.
შეხვედრაზე შემოსავლების სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ მადლობა გადაუხადა კოლეგებს მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ სამსახურებრივი თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. მან მიხეილ მაღლაკელიძეს წარმატებები უსურვა ახალ თანამდებობაზე მუშაობის პროცესში.