ფასის ლარით გამოხატვის წესის დარღვევის 212 ფაქტი გამოვლინდა - შემოსავლების სამსახური
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელთა მხრიდან, ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად ხორციელდება მეწარმე სუბიექტის მიერ, ქონების რეალიზაციისა და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას, ფასის ლარით გამოხატვის წესის ადმინისტრირება.
კონტროლის ღონისძიების ფარგლებში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, მიმდინარე წლის ბოლო 7 თვის განმავლობაში გამოვლენილია საქართველოს ტერიტორიაზე ფასის ლარით გამოხატვის წესების დარღვევის 212 ფაქტი. კანონმდებლობით განსაზღვრული წესების დარღვევისთვის 185 პირის მიმართ, სანქციის სახით გაფრთხილება იქნა გამოყენებული, ხოლო 27 პირს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში 27 000 ლარის ოდენობით შეეფარდა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ შეახსენებს მეწარმე სუბიექტებს, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე, ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებისა ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა, შესაბამისად, მოუწოდებს თავი შეიკავონ ფასის ლარით გამოხატვის წესების დარღვევისაგან.
ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
სხვა სიახლეები
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია სოფელ ცაიშის ტერიტორიაზე „ქუთაისი - სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენის 600-მეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს
16.09.2026.10:56
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცაიშის ტერიტორიაზე „ქუთაისი–სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენის 600-მეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.
კორპორაციის დირექტორი ტექნიკურ საკითხებში, შალვა კიკნაველიძე ადგილზე გაეცნო მიმდინარე სამუშაო პროცესებს, დეტალური ინფორმაცია მიიღო პროექტის მსვლელობის, უსაფრთხოების სტანდარტებისა და დასრულების ვადების შესახებ.
პროექტის ფარგლებში, მაგისტრალური გაზსადენის კოროზირებული და ამორტიზებული მონაკვეთი სრულად ჩანაცვლდება ახალი, 500 მმ დიამეტრის მილებით.
აღნიშნული გაზსადენი გადამწყვეტ როლს ასრულებს სამეგრელოს რეგიონის ბუნებრივი აირით მომარაგებაში. შესაბამისად, მისი გამართული და უსაფრთხო ფუნქციონირება ადგილობრივი მოსახლეობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.