ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდას შეხვდა
აზიის განვითარების ბანკის (ADB) 59-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, აზიის განვითარების ბანკში საქართველოს მხრიდან მმართველი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდას შეხვდა.
მხარებმა მიმოიხილეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის მრავალწლიანი წარმატებული ურთიერთობები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. აღსანიშნავია, რომ ამჟამად, ბანკის პორტფელი საქართველოში, დაახლოებით, 6 მილიარდი აშშ დოლარია, მათ შორის, მიმდინარე პროექტების ღირებულება 2 მილიარდს აღემატება და დამატებით მიმდინარეობს მუშაობა 1 მილიარდ აშშ დოლარამდე ღირებულების პროექტებზე მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში.
ლაშა ხუციშვილმა ბანკის პრეზიდენტს გააცნო საქართველოს მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, მათ შორის, ეკონომიკური ზრდის მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი და საშუალოვადიანი პროგნოზები.
მან ADB-ის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე ინვესტიციებისთვის, ისეთ მნიშვნელოვან სექტორებში, როგორიცაა: გზები, ენერგეტიკა, რეგიონული და მუნიციპალური განვითარება.
ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტებში ADB-ის ჩართულობაზე, რომელიც უკავშირდება შუა დერეფნის პროექტში საქართველოს სატრანსპორტო, ლოგისტიკური პოტენციალის, ციფრული კავშირების, ენერგო უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის გაძლიერებას.
თავის მხრივ, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმაც აღნიშნა საქართველოს როლის გაძლიერება შუა დერეფნის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების გზით და გამოთქვა მზაობა, გაგრძელდეს აქტიური თანამშრომლობა ორმხრივ და რეგიონულ დონეზე.
შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, ADB-ის ალტერნატიული აღმასრულებელი დირექტორი ლიზა რაითი, ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი ლეა გუტიერესი და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები.
სხვა სიახლეები
არ გვინდა, რომ გაზრდილი ჯარიმებით ზედმეტად დავაწვეთ მოსახლეობას ტვირთად, შესაბამისად, მივიღეთ ჯარიმების შემცირების გადაწყვეტილება - პრემიერი
23.06.2026.12:42
ჩვენ შევაფასეთ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევასთან, შესაბამის ჯარიმებთან დაკავშირებული სტატისტიკა და გაირკვა, რომ ჯარიმების გაზრდამ ამ შემთხვევაში გავლენა არ იქონია სტატისტიკის გაუმჯობესებაზე, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
მისივე თქმით, აღნიშნულის გათვალისწინებით გადაწყდა ჯარიმების შემცირება.
„ჩვენ არ გვინდა, რომ ზედმეტად დავაწვეთ მოსახლეობას ტვირთად გაზრდილი ჯარიმებით, შესაბამისად, ამ ყველაფრის საფუძველზე მივიღეთ ჯარიმების შემცირების გადაწყვეტილება,“- აღნიშნა პრემიერმა.