ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის დელეგაციას შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს კეთილდღეობის საკითხებში, აბებე ადუგნას, სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, როლანდ პრაისსა და ბანკის დელეგაციის წევრებს შეხვდა.
საუბარი შეეხო საქართველოსთან მიმართებით მსოფლიო ბანკის მიერ არსებული და დაგეგმილი ტექნიკური დახმარების ფარგლებში, მიმდინარე ანალიტიკურ სამუშაოს და მასთან დაკავშირებულ კვლევებს, ქვეყნის სტაბილური ეკონომიკური ზრდის, შრომის ბაზრის განვითარების, სიღარიბის შემცირებისა და თანაბარი განვითარების მიმართულებით.
განიხილეს საქართველოს ეკონომიკისა და ფისკალური პოლიტიკის მიმდინარე ტენდენციები და განხორციელებული სტრუქტურული რეფორმების შედეგები ეკონომიკის მდგრადობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ. ნინო მიქელაძე.
სხვა სიახლეები
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ყალბი აქციზური მარკების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს
09.11.2026.15:14
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები დაუკავშირდნენ საქართველოს მოქალაქეს და 200 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ალკოჰოლური სასმლისთვის განკუთვნილი 500 000 ცალი ყალბი აქციზური მარკის უცხო ქვეყანაში დამზადებასა და საქართველოში შემოტანას დაჰპირდნენ. ყალბი აქციზური მარკების შემოტანას ბრალდებულები რამდენიმე ეტაპად გეგმავდნენ. ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეები ყალბი აქციზური მარკების შემოტანისა და გასაღების პირველივე ფაქტზე დააკავეს, როდესაც მათ საქართველოში ჩამოიტანეს 100 000 ერთეული და 40 000 აშშ დოლარად მიჰყიდეს საქართველოს მოქალაქეს.
აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.