ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში გამართული შეხვედრები შეაჯამა
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში გამართული შეხვედრები შეაჯამა.
მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეხვედრების დროს, საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასა და სამომავლო პროგნოზებს. ასევე, ფონდის მიერ ცალსახად აღინიშნა, რომ საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდა არის მდგრადი და მოლოდინია, რომ შემდგომ წლებში ის ასევე, მაღალ დონეზე შენარჩუნდება.
ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე და სამომავლო პროექტები.
„მსოფლიო ბანკი რჩება საქართველოს აქტიურ პარტნიორად და განაგრძობს ინვესტირებას, როგორც მიმდინარე, ისე სამომავლოდ შეთანხმებულ პროექტებში", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
მან ისაუბრა, ასევე, საერთაშორისო საინვესტიციო ბანკრბთან გამართული შეხვედრების თაობაზე.
მისი თქმით, ქართული დელეგაცია შეხვდა საინვესტიციო ბანკების წარმომადგენლებს, როგორც აშშ-ის მიმართულებით - Bank Of America-ს ორგანიზებით, ასევე, იაპონიის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ჩინურ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან (ICBC; Nomura).
„ყველა მიმართულებით საქართველო აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას.
ინვესტორების მხრიდან ცალსახად აღინიშნა, ის დადებითი ტენდენცია, რაც საქართველოს ეკონომიკაშია და მათი კლიენტების ძალიან მნიშვნელოვანი დაინტერესება საქართველოს ბაზრით, საქართველოში ინვესტიციების განხორცილებით", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველო აქტიურად განაგრძობს მუშაობას საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიებთან, იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს იმ პოტენციალის ათვისება, რაც მსოფლიოს სხვადასხვა ბაზრებზე არსებობს.
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრების დროს აღინიშნა ის დადებითი ტენდენცია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში ხორციელდება.
მინისტრის თქმით, ხაზი გაესვა სწორ ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკას, რომელსაც საქართველოს მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად ახორციელებს.
„აღინიშნა, რომ არსებობს მოლოდინი, რომ საერთაშორისო რეიტინგების პერსპექტივის მიმართულებით, გაუმჯობესება ასახული იქნება ჩვენი ქვეყნის რეიტინგებში", - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.
ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შესახებაც, სადაც განხილულ იქნა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები, კერძოდ, კაპიტალის ბაზარზე საქართველოს შემდგომი აქტიურობის საკითხი.
ლაშა ხუციშვილის თქმით, ცალსახად აღინიშნა ის დადებითი ტენდენცია, რაც საქართველოს აქვს ბოლო პერიოდში და ასევე, სამომავლო გეგმები.
„საქართველო ვალის მართვის სტრატეგიის შესაბამისად, აპირებს უფრო აქტიურად იყოს წარმოდგენილი, მათ შორის, აზიის ბაზრებზე, ჩინეთის ბაზრებზე. მიმდინარე წელს, ძალიან წარმატებული ევროობლიგაციებისა და ადგილობრივ ბაზარზე გამოშვებული ფასიანი ქაღალდების შემდგომ, მომდევნო პერიოდში ვფიქრობ, გვექნება ასევე წარმატებული გამოშვება აზიის ბაზრებზეც", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
სხვა სიახლეები
ჩვენი მიდგომაა, არავის მივცეთ საშუალება, მოსახლეობას უხარისხო სამუშაოები შესთავაზოს - რევაზ სოხაძე
17.10.2026.22:21
„ჩვენი ძლიერი მხარე ის არის, რომ პრობლემებს არ ვმალავთ და ვაღიარებთ იმ გამოწვევებს, რომლებიც არსებობს. ამასთან, ქვეყანაში ისეთი გარემო და მიდგომები უნდა ჩამოვაყალიბოთ, რომ ვერავინ გაბედოს უხარისხო სამუშაოების შესრულება და მოსახლეობასთან უპასუხისმგებლო დამოკიდებულება“ - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ სატელევიზიო დებატებისას განაცხადა.
მინისტრმა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას ხარისხის კონტროლის მნიშვნელობაზე, სამშენებლო კომპანიების პასუხისმგებლობასა და სატენდერო პროცედურების გამჭვირვალობის აუცილებლობაზე ისაუბრა.
რევაზ სოხაძემ გრიგოლეთის მონაკვეთზე სახიდე გადასასვლელის მშენებლობის მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ ხარისხის კონტროლის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების გამო კომპანიას კონსტრუქციის დემონტაჟი და ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა მოუწია.
„ერთ-ერთი კომპანია, რომელზეც საუბრობდით, ამჟამადაც აწარმოებს სამუშაოებს. მის მიერ გრიგოლეთის მონაკვეთზე აშენებული სახიდე გადასასვლელი ჩვენმა ხარისხის კონტროლმა დაიწუნა. კომპანიას მოუწია მისი დანგრევა და ახლა ახალს აშენებს. ჩვენი კონტროლის ქვეშ იქნება, რომ სამუშაოები უმაღლესი ხარისხით შესრულდეს“ -განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, საკითხი მხოლოდ კონკრეტული კომპანიების დასახელებით არ შემოიფარგლოს. აუცილებელია ისეთი სისტემის არსებობა, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს სატენდერო პროცედურების გამჭვირვალობასა და ობიექტურობას, ხოლო მეორე მხრივ, გამორიცხავს უხარისხო სამუშაოების შესრულებას.
რევაზ სოხაძის განმარტებით, ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების შერჩევა დადგენილი წესებისა და ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე უნდა ხდებოდეს, რაც კორუფციული რისკების შემცირებასაც ემსახურება. ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა ადგილობრივი კომპანიების მხარდაჭერის მნიშვნელობას.
„ჩვენი ბაზარი და სატენდერო პროცედურები ღია უნდა იყოს ყველასთვის და ყველა დაინტერესებულ კომპანიას მონაწილეობის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. ამასთან, ღიად ვაცხადებთ, რომ ქართულ კომპანიებს ვგულშემატკივრობთ. საკანონმდებლო დონეზე უკვე მიღებული გვაქვს და მომავალშიც ვაპირებთ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც მათ ტენდერებში მონაწილეობას გარკვეულწილად შეუწყობს ხელს. თუმცა, ამ ყველაფერთან ერთად, უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ვერავინ გაბედავს უხარისხო სამუშაოების შესრულებას“ -აღნიშნა რევაზ სოხაძემ.
მინისტრმა ასევე ისაუბრა ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომლებისთვის ხელფასების გადახდასთან დაკავშირებულ პრობლემაზე და განაცხადა, რომ სახელმწიფოს ჩარევის შედეგად საკითხი ნაწილობრივ მოგვარდა. მისი თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ პრობლემა სრულად აღმოიფხვრება.
სატელევიზიო დებატებისას რევაზ სოხაძემ კობი-ქვეშეთის საავტომობილო გზის პროექტიც მოიყვანა მაგალითად და აღნიშნა, რომ ეს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო პროექტია. მისი თქმით, უკვე აშენებულია 9-კილომეტრიანი გვირაბი, ხოლო პროექტის ფარგლებში შენდება უნიკალური თაღოვანი ხიდი, რომლის სიმაღლე 166 მეტრი, სიგრძე კი 400 მეტრია.
მინისტრის განცხადებით, პროექტის ერთ-ერთ უცხოურ კონტრაქტორ კომპანიასთან მუშაობის საწყის ეტაპზე არსებობდა უკმაყოფილება მისი საქმიანობის ორგანიზებისა და სამუშაო პროცესის მიმართ. სახელმწიფოს მხრიდან საკითხისადმი მკაცრი მიდგომისა და აქტიური მუშაობის შედეგად კომპანიამ გუნდი სრულად შეცვალა, რამაც სამუშაო პროცესში მნიშვნელოვანი ცვლილებები განაპირობა.
„როდესაც პირველად ჩავედი ამ ობიექტზე, ჩემთვისაც და ჩემი კოლეგებისთვისაც მიუღებელი იყო კომპანიის დამოკიდებულება და მუშაობის ფორმა. ამ საკითხზე ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და მკაცრი მიდგომა გვქონდა. მინდა გითხრათ, რომ კომპანიამ გუნდი მთლიანად შეცვალა. ახლახანაც ვიყავი ობიექტზე და მდგომარეობა რადიკალურად შეცვლილია. კომპანია იგივეა, თუმცა შეიცვალა მისი მიდგომა და მუშაობის ხარისხი. ეს მაგალითი აჩვენებს, რომ როდესაც კომპანია ხედავს სახელმწიფოს მკაფიო და პრინციპულ დამოკიდებულებას, მას შესაბამისი რეაგირება უწევს“ -განაცხადა რევაზ სოხაძემ.
მინისტრის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, უზრუნველყოს სამუშაოების ხარისხი და მოქალაქეების ინტერესების დაცვა.