ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში გამართული შეხვედრები შეაჯამა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, სსფ-ის აღმასრულებელ და ალტერნატიულ დირექტორებს, სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს, შედგა კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან.
ფინანსთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო სსფ-ის მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაში, რომელიც რეგიონულ ეკონომიკურ მიმოხილვას მიეძღვნა.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ ძალიან აქტიურ თანამშრომლობას, რომელიც მოიცავს ყველა იმ მნიშვნელოვან რეფორმას, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს როგორც ფისკალური, ისე მონეტარული კუთხით. ასევე, შევთანხმდით, რომ აქტიურად გაგრძელდება სახელმწიფო საწარმოების რეფორმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდი ჩაერთვება, როგორც დაგეგმვის, ისე განხორციელების პროცესში," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
ვიზიტისას ფინანსთა მინისტრი შეხვდა მსოფლიო ბანკის ოპერაციების მმართველ დირექტორს, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ასევე მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს.
„მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა მსოფლიო ბანკში, სადაც მიმოვიხილეთ ის პოტენციური პროექტები, რომლებზეც მსოფლიო ბანკთან ერთად უახლოეს პერიოდში დავიწყებთ მუშაობას. ეს პროექტები მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ხელს უწყობენ ინვესტიციების განხორციელებას საქართველოს ინფრასტრუქტურაში. ეს მოიცავს როგორც დაკავშირებადობისა და შუა დერეფნის ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, ისე ენერგეტიკული პროექტების დაფინანსებას. ამ მიმართულებით ინტერესი და მზადყოფნა გამოთქვეს სხვა ბანკებმაც, მათ შორის, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა და აზიის განვითარების ბანკმა, რომელიც ტრადიციულად, ძალიან აქტიურია ჩვენს რეგიონში და კონკრეტულად, საქართველოში", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
მან, ასევე ისაუბრა სარეიტინგო კომპანიებთან გამართული შეხვედრების შესახებ და აღნიშნა, რომ არსებობს რეიტინგების პერსპექტივების გაუმჯობესების პოზიტიური მოლოდინი.
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების პარალელურად, შეხვედრები გაიმართა საერთაშორისო ინვესტორებთან და საინვესტიციო კომპანიებთან.
„მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად არსებული გლობალური ვითარებისა, საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან ნარჩუნდება ინტერესი საქართველოს ფასიან ქაღალდებში ინვესტირების მიმართულებით. ვფიქრობ, სამომავლოდ ეს ინტერესი შენარჩუნდება და კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ჩვენ ვაპირებთ ინვესტორების მოწვევას არა მხოლოდ საერთაშორისო, არამედ ადგილობრივ ბაზარზე. აქტიურად გვაქვს საუბარი ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვებაზე. ბოლო პერიოდში საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან დაინტერესება ამ კუთხით მაღალია, მაგრამ ვფიქრობთ, ჩვენი აქტივობებით კიდევ უფრო წავახალისებთ მათ მონაწილეობას ადგილობრივ ბაზარზე," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.