ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური: დიდი ბრიტანეთის მიერ გუშინ დასანქცირებული კომპანიებიდან არცერთის საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო
დიდი ბრიტანეთის მიერ გუშინ დასანქცირებული კომპანიებიდან არცერთის საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, აღნიშნულ კომპანიებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
„დიდი ბრიტანეთის მიერ გუშინ დასანქცირებულ კომპანიებზე (შპს „ეიაიფორი“, შპს „არვიქს“ და შპს „რაპირა გრუპ“) ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაწყებულია და მიმდინარეობს გამოძიება, რასთან დაკავშირებითაც უკვე მიღწეულია კონკრეტული სამართლებრივი შედეგები.
დასანქცირებული კომპანიებიდან არცერთის საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო.
გამოძიებით დადგენილია, რომ შპს „ეიაიფორი“ და შპს „არვიქს“ ფიქტიურად, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ დარეგისტრირდნენ სხვა პირების სახელზე, რეალურად კი ოპერირებდნენ რუსეთში, მოსკოვში და საქართველოში აქტივები ან ოფისები არ გააჩნდათ.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2026 წლის 28 აპრილის სასამართლო განაჩენით, სამ ბრალდებულს სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით და პირობითი მსჯავრი, ხოლო დანაშაულის ორგანიზატორ დავით ჯინჭარაძეს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 9 წლისა და 6 თვის ვადით.
რაც შეეხება შპს „რაპირა გრუპის“ უკანონო საქმიანობას, დადგენილია, რომ დიდი ბრიტანეთის მოქალაქის მიერ მინდობილობით დარეგისტრირებული კომპანია, ვებგვერდ „rapira.net“-ის საშუალებით, ექსკლუზიურად ემსახურებოდა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებს და მისი დომენიც რუსულ რეგისტრატორთან არის გაფორმებული. კომპანიას არანაირი ბრუნვა საბანკო ანგარიშებზე, აქტივები ან ოფისები საქართველოს ტერიტორიაზე არ უფიქსირდება და მისი რეგისტრაცია მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციით, აგრძელებს აქტიურ მუშაობას ფინანსურ და კიბერდანაშაულთან ბრძოლის, ასევე საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერი მცდელობის პრევენციისა და აღკვეთის მიმართულებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სხვა სიახლეები
ირაკლი ნადარეიშვილმა ITB China-ს ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა
27.05.2026.12:51
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეშვილმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ ITB China-ს ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართეს.
საქართველოს დელეგაცია შეხვდა კომპანია Trip.com-მარკეტინგის რეგიონულ დირექტორს სუმერ ვონგს, ასევე კომპანია Messe Berlin-ის უფროს ვიცე-პრეზიდენტს დევიდ რუეთს.
შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და საერთაშორისო ბაზრებზე ქვეყნის ცნობადობის გაზრდის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ჩინეთისა და აზიის ბაზრებზე საქართველოს ტურისტული მიმართულების პოზიციონირების გაძლიერებაზე, ასევე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებსა და მარკეტინგულ კამპანიებში თანამშრომლობაზე.
შეხვედრები საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ITB China ფარგლებში გაიმართა, სადაც საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით არის წარმოდგენილი.