ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად მერაბ გამყრელიძე დაინიშნა
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის 2026 წლის 14 სექტემბრის ბრძანებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელად მერაბ გამყრელიძე დაინიშნა.
ამ დრომდე მას სსიპ შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა.
მერაბ გამყრელიძეს საგამოძიებო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
სხვადასხვა წლებში იყო საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს უფროსი, საგამოძიებო დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, ასევე, ეკავა სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს უფროსის მოადგილის თანამდებობა, მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციაზე. დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.
სხვა სიახლეები
მზის პანელების შეძენისა და მონტაჟის მოტივით 40 000 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა
13.11.2026.16:35
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა იმ მოტივით, რომ შეიძენდა და დაამონტაჟებდა მზის პანელებს, დაზარალებულებს 40 000 ლარი ჩაარიცხინა, რომელიც მიისაკუთრა და ქვეყნის ფარგლები დატოვა.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.