ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მამუკა ბარათაშვილი დაინიშნა
„შემოსავლების სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის 2026 წლის 14 სექტემბრის ბრძანებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსად, ფინანსთა მინისტრის მოადგილე მამუკა ბარათაშვილი დაინიშნა, რომელიც ამავე დროს, გააგრძელებს ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობას.
მამუკა ბარათაშვილს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. მათ შორის, 2020-2021 წლებში იყო სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, 2011-2020 წლებში ხელმძღვანელობდა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტს, სხვადასხვა პერიოდში, ასევე, იყო შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსი, სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
სხვა სიახლეები
მზის პანელების შეძენისა და მონტაჟის მოტივით 40 000 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა
13.11.2026.16:35
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა იმ მოტივით, რომ შეიძენდა და დაამონტაჟებდა მზის პანელებს, დაზარალებულებს 40 000 ლარი ჩაარიცხინა, რომელიც მიისაკუთრა და ქვეყნის ფარგლები დატოვა.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.