ფინანსური განათლება ფეხბურთის თამაშით - საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და Visa-მ ციფრული თამაში „ფინანსური ფეხბურთი“ წარადგინეს
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და საერთაშორისო გადახდების სისტემა Visa-მ ფინანსური განათლების ინტერაქციული თამაში „ფინანსური ფეხბურთი“ წარადგინეს.
ინოვაციური ვებპლატფორმა ახალგაზრდებში ფინანსური ცნობიერებისა და პრაქტიკული უნარების განვითარებას ისახავს მიზნად და აერთიანებს ერთი მხრივ, ფეხბურთის სტრატეგიას, დინამიკას და მეორე მხრივ, ფინანსური ცოდნის მიღებასა და მის პრაქტიკაში გამოყენებას.
ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ და Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიასა და მოლდოვაში დიანა კიღურაძემ.
პრეზენტაციას ეროვნული ბანკის, კომერციული, საჯარო და არასაჯარო სფეროს წარმომადგენლები, ასევე „ფინედუს“ კონკურსში გამარჯვებული მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ. ღონისძიების ყველაზე საინტერესო და სახალისო ნაწილი თამაშის პრაქტიკაში გამოცდას დაეთმო. მოსწავლეები ფეხბურთის წესებისა და თამაშის სტრატეგიების გარდა, ერთმანეთს ფინანსური განათლების საკითხების ცოდნაშიც შეეჯიბრნენ.
„ტრადიციული სწავლების მეთოდების პარალელურად, თამაშზე დაფუძნებული მიდგომები საშუალებას გვაძლევს, რთული ფინანსური კონცეფციები მარტივად აღსაქმელი გავხადოთ. „ფინანსური ფეხბურთი“ სწორედ ასეთი ინსტრუმენტია - ის აერთიანებს სპორტის დინამიკას და ფინანსური ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება განათლების მიღების პროცესი უფრო ცოცხალი, საინტერესო და სახალისო გახდეს“, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ.
საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით შექმნილი „ფინანსური ფეხბურთი“ Visa-ს საგანმანათლებლო ინიციატივის ნაწილია და მისი მიზანია ახალგაზრდებისთვის ფინანსური საკითხების მარტივი, ინტერაქციული და სახალისო ფორმით მიწოდება. თამაში მონაწილეებს სხვადასხვა ფინანსური სცენარის მართვასა და გადაწყვეტილებების მიღებაში ავითარებს, რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ფინანსური უნარების გაძლიერებას უწყობს ხელს.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა
20.09.2026.15:51
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა. ამ დღისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, მან მადლობა გადაუხადა თითოეულ მებაჟე-ოფიცერს პროფესიონალიზმისათვის, პასუხისმგებლობისა და ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის.
მან, ასევე, წარმატებები უსურვა შემოსავლების სამსახურისა და საბაჟო დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელებს მომავალ საქმიანობაში და აღნიშნა, რომ მათი გამოცდილება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სამსახურის განვითარებაში.
ლაშა ხუციშვილმა, კიდევ ერთხელ, გაუსვა ხაზი თანამედროვე საბაჟოს როლს ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების დაცვის საქმეში.
„თანამედროვე საბაჟო გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ საბაჟო-სასაზღვრო კონტროლი. ეს მოიცავს ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვას, კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას, ასევე, კანონშესაბამისი საქმიანობის წახალისებას, როგორც საერთაშორისო ვაჭრობის, ასევე საქართველოს გლობალური როლიდან გამომდინარე. საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი ლოგისტიკური და სატრანზიტო ფუნქცია. აქედან გამომდინარე, მებაჟე-ოფიცრების მუშაობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველომ ეს ფუნქცია წარმატებით განახორციელოს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, საბაჟო სამსახურმა ბოლო წლებში წარმატებებს მიაღწია, როგორც ტექნოლოგიური, ისე პროფესიული განვითარების მიმართულებით. მისი თქმით, უწყების მიზანია მუდმივად ვითარდებოდეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად.
„მებაჟე-ოფიცრებო, თქვენი 24-საათიანი მუშაობით, ყოველი ახალი დღე საქართველოსთვის წინგადადგმული ნაბიჯია. ეს მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ საბაჟოს, არამედ ქვეყნის განვითარებისთვის", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მან დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული განვითარების მიმართულებით მხარდაჭერა გამოუცხადა და იმედი გამოთქვა, რომ მათი მუშაობის მაღალი პროფესიული სტანდარტი მომავალშიც შენარჩუნდება.