ფინანსური განათლების გაძლიერებისთვის უწყებათაშორისი თანამშრომლობა და თანამედროვე რესურსები მნიშვნელოვანია - ირაკლი ლექვინაძე
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე „ფინანსური განათლება სკოლებში: იდეიდან საკლასო ოთახამდე" პანელურ დისკუსიაში –„ფინანსური განათლება სკოლებში: ეროვნული ხედვა და უწყებათაშორისი დიალოგი" მონაწილეობა მიიღო.
პანელური დისკუსია შეეხებოდა ფინანსური განათლების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით ეროვნულ პოლიტიკას. მონაწილეებმა იმსჯელეს, თუ როგორ შეიძლება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და საფინანსო სექტორის თანამშრომლობით ფინანსური განათლების ინტეგრირება სასკოლო განათლებაში, რა შესაძლებლობები და გამოწვევები არსებობს ამ კუთხით და რა ნაბიჯებია საჭირო ახალგაზრდა თაობის სწორი ფინანსური ცოდნის, დამოკიდებულებებისა და უნარ-ჩვევების გასავითარებლად.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ ფინანსური განათლებისა და მომხმარებლის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიმართულებით სააგენტოს გამოცდილებაზე ისაუბრა. მისი თქმით, 2025 წელს დაწყებული საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში 70 შეხვედრა ჩატარდა და 2 500-მდე მოსწავლე ჩაერთო. პროექტმა დედაქალაქთან ერთად 8 რეგიონი მოიცვა და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეთნიკური უმცირესობებით დაკომპლექტებულ, საზღვრისპირა და სპეციალიზებულ სკოლებს.
„ფინანსური განათლება პასუხისმგებლიანი ეკონომიკური ქცევისა და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელოვანი საფუძველია. მისი განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში, რადგან ფინანსური ცოდნა და შესაბამისი უნარები მომავალში ხელს უწყობს როგორც საკუთარი ფინანსური ინტერესების დაცვას, ისე ჯანსაღი და კონკურენტული საბაზრო გარემოს ჩამოყალიბებას. შესაბამისად, ფინანსური განათლების სისტემატური ინტეგრირება სასწავლო პროცესში და ამ მიმართულებით სახელმწიფო უწყებებსა და კერძო სექტორს შორის კოორდინირებული თანამშრომლობა გრძელვადიანად მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევის წინაპირობაა", – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ
პანელზე სააგენტოს თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა განათლების პროცესში ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებაზე და სააგენტოს მიერ შექმნილ კონკურენციის ონლაინ ლექსიკონზე, რომელიც მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ფინანსური, ეკონომიკური და სამართლებრივი საკითხების უკეთ შესწავლაში ეხმარება.
„სკოლებსა და პედაგოგებს სჭირდებათ მზა, კვალიფიციური მხარდაჭერა, რათა ფინანსური განათლების საკითხები ბუნებრივად და საინტერესოდ ინტეგრირდეს სასწავლო გარემოში. სწორედ ამიტომ, უწყებათაშორისი თანამშრომლობა და თანამედროვე, პრაქტიკულ ცოდნაზე დაფუძნებული რესურსების შექმნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია", – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
კონფერენცია ფინანსური განათლების სფეროში გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, სკოლებში ფინანსური განათლების ინტეგრირების ხელშეწყობასა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას, საგანმანათლებლო და საფინანსო სექტორს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავდა მიზნად.
სხვა სიახლეები
გურიაში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 1.5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება
08.10.2026.13:31
გურიის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და დამშრობი სისტემების გამართული ფუნქციონირების მიზნით, 2026-2027 წლებში 1.5 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების კაპიტალური პროექტები განხორციელდება.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, რიონის მარცხენა სანაპიროს დამშრობი მასივის მთისძირა არხზე, უკვე დასრულდა ხიდის მოწყობის სამუშაოები, რომლის ღირებულებამ 547 887 ლარი შეადგინა.
ამავე არხზე დაგეგმილია საავტომობილო ხიდის მოწყობა. პროექტის ღირებულება 507 092 ლარია, სამუშაოების დასრულება 2027 წელს იგეგმება.
მიმდინარე წელს კიდევ ერთი კაპიტალური პროექტი განხორციელდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მერეკძელა-კაპროვანის (შეკვეთილის) მასივის დამშრობ სისტემაზე. პროექტის ღირებულება 485 884 ლარს შეადგენს.
კაპიტალურ პროექტებთან ერთად, 2026 წელს გურიის რეგიონში საექსპლუატაციო ღონისძიებებიც მიმდინარეობს. იწმინდება კოლექტორული და შემკრები არხები, წესრიგდება და ახლით იცვლება ჰიდროტექნიკური ნაგებობები და სხვა ინფრასტრუქტურული ერთეულები.
განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოები გააუმჯობესებს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის ტექნიკურ მდგომარეობას და ხელს შეუწყობს დამშრობი სისტემების ეფექტიან ფუნქციონირებას, რაც ტერიტორიების დატბორვის რისკებს შეამცირებს.