ფულის გლობალური კვირეულის კამპანიის ფარგლებში სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი წეროვანის სკოლას ეწვია
ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანის №3 საჯარო სკოლას ეწვია.
ეკატერინე მიქაბაძემ მოსწავლეებს ფინანსური განათლების საკითხებზე ღია გაკვეთილი ჩაუტარა და სკოლის ბიბლიოთეკას ახალი საგანმანათლებლო მასალები გადასცა.
სკოლაში სტუმრობა ფულის გლობალური კვირეულის კამპანიის ნაწილია, რითიც დაიწყო ღია გაკვეთილების მასშტაბური პროექტი „მოიწვიე ფინედუ კლასში“. 2026 წლის კვირეული დევიზით - „ისაუბრე ფულზე“ - განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ახალგაზრდებში ფულთან დაკავშირებულ საკითხებზე ღია საუბარსა და ინფორმაციის გაზიარების მნიშვნელობაზე.
„ფინანსებზე საუბარი, სწორედ პატარა ასაკიდან, სკოლიდან უნდა დავიწყოთ, ამ ასაკში ეყრება საფუძველი კრიტიკულ აზროვნებას, ყალიბდება პასუხისმგებლიანი ფინანსური ჩვევები და დამოკიდებულებები. ამიტომ ამ პერიოდში მიღებული ინფორმაცია და ცოდნა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ზრდასრულ ასაკში ჩვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს“ - განაცხადა ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ.
აღსანიშნავია, რომ „მოიწვიე ფინედუ კლასში“, ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუს“ (www.finedu.gov.ge) ინიციატივით, უკვე მეათე ნაკადად ტარდება. ტრადიციულად, ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების თანამშრომლები 15 მაისამდე თბილისისა და რეგიონების სკოლებს ეწვევიან და V-XII კლასის მოსწავლეებს საინტერესო და შემეცნებით გაკვეთილებს ჩაუტარებენ.
მიმდინარე ნაკადის ფარგლებში სკოლებს კომერციული ბანკებიდან საქართველოს ბანკის, თიბისი ბანკის, ტერაბანკის, კრედო ბანკისა და მიკრობანკი ემბისის თანამშრომლები შემოუერთდებიან.
ფულის გლობალური კვირეულის აღნიშვნას საქართველო წელს უკვე მეთორმეტედ უერთდება. მისი მიზანია, ახალგაზრდებს გაუძლიეროს თავდაჯერება ფინანსურ გადაწყვეტილებებში, წაახალისოს სწორი კითხვების დასმა და ფინანსური განათლების საშუალებით დაეხმაროს უფრო გონივრული ფინანსური ჩვევების ჩამოყალიბებაში.
მიუხედავად იმისა, რომ ფულის გლობალური კვირეული 16-22 მარტს აღინიშნა, საქართველოში კამპანია უფრო მასშტაბურად, ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობს და არაერთ მრავალფეროვან საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობას მოიცავს.
სხვა სიახლეები
დავით სონღულაშვილი საკვები პროდუქტების მწარმოებელი გერმანული კომპანიის „Develey“ და „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ მფლობელებს შეხვდა
20.08.2026.15:50
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საკვები პროდუქტების მწარმოებელი გერმანული კომპანიის „Develey“ მფლობელს მიხაელ დურახსა და „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ მფლობელს, მიხეილ სვიმონიშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე „Develey“-სა და „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ თანამშრომლობის ფარგლებში, „მარნეულის სასურსათო ქარხანაში“ ახალი საწარმოო სივრცის მოწყობის მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები განიხილეს. დაახლოებით 10 000 კვადრატულ მეტრზე განთავსებულ ობიექტში, 6 თანამედროვე ტექნოლოგიური ხაზი მოეწყობა. რომლის სრულად ამოქმედება მარტში იგეგმება, ხოლო პირველი პროდუქციის გამოშვებ,ა ოქტომბერში დაიწყება.
ახალი საწარმოო სივრცის ამოქმედების შემდეგ „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ ასორტიმენტს 30-40 ახალი სახეობის პროდუქტი დაემატება, მათ შორის მაიონეზი და სხვადასხვა სახის სოუსები, რომლებიც როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის, ისე ექსპორტისთვის იქნება განკუთვნილი. პროექტი ასევე ითვალისწინებს ადგილობრივი ნედლეულის წარმოების განვითარებას და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას.
„თქვენი გამოცდილება ძალიან დიდია. ვფიქრობ, სწორედ ეს არის ის, რაც დღეს საქართველოს სჭირდება - ცოდნა, ტექნოლოგიური გამოცდილება და საერთაშორისო კავშირები. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ქვეყანაში სურსათის წარმოების გაძლიერება და ადგილობრივი რესურსების მაქსიმალურად გამოყენება. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია როგორც ინდუსტრიის, ისე მიწოდების ჯაჭვის განვითარება და შესაბამისი მხარდაჭერა. საქართველოში ამისთვის ხელსაყრელი ბიზნესგარემო და საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობები გვაქვს. ჩვენი მიზანია, ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერებასთან ერთად, კომპანიებს შევუქმნათ პირობები, რომ საქართველოში შექმნილი პროდუქცია საერთაშორისო ბაზრებზეც გაიტანონ“ - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
„Develey“-ის მფლობელის, მიხაელ დურახის განცხადებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის დიდი პოტენციალი და სტაბილური, პროგნოზირებადი ბიზნესგარემო აქვს, რაც კომპანიისთვის ქვეყანაში ინვესტირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია.
„საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენი იდეა იყო, ინვესტიციასთან ერთად სრული მიწოდების ჯაჭვზე გვქონოდა წვდომა - დაწყებული მინდვრიდან, პროდუქტის ხარისხის კონტროლით და დამთავრებული წარმოებით. ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენი სურვილია, საქართველო ჩვენი საქმიანობის საწყის წერტილად და რეგიონულ ჰაბად ვაქციოთ და აქედან პროდუქცია სხვა ქვეყნებშიც გავიტანოთ. საქართველოში არსებული ნედლეულის ბაზისა და ჩვენი ტექნოლოგიური ცოდნის გაერთიანება საშუალებას მოგვცემს, ადგილობრივი შესაძლებლობები კიდევ უფრო განვავითაროთ. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია სტაბილური და პროგნოზირებადი გარემო. საქართველოში ამას ვხედავთ. მოხარული ვართ, რომ ქვეყანაში მხარდაჭერას ვგრძნობთ და დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი საქმიანობა კიდევ უფრო გაიზრდება“, - განაცხადა მიხაელ დურახმა.
„მარნეულის სასურსათო ქარხანა“ 2007 წელს დაარსდა და დღეს საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი საკვები პროდუქტების მწარმოებელი საწარმოა. ქარხანა 50-ზე მეტი სახეობის პროდუქტს აწარმოებს, მათ შორის ტომატის პასტას, ტყემალს, აჯიკას, მარინადებს, საწებლებს, ჯემებსა და მურაბებს. საწარმოსთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა ადგილობრივი ნედლეულის გამოყენება; ქარხანა ნედლეულს 150-ზე მეტი ქართველი ფერმერისგან იბარებს. პროდუქცია საქართველოს ბაზარზე იყიდება და ექსპორტზეც გადის, მათ შორის ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში.
„Develey“ გერმანული საოჯახო კომპანიაა, რომელიც 1845 წელს დაარსდა და დღეს სოუსების, მდოგვისა და სხვა საკვები პროდუქტების საერთაშორისო მწარმოებელია. კომპანია პროდუქციის ექსპორტს მსოფლიოს 65-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს.
„Develey“-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია „McDonald’s“, რომელსაც კომპანია 1971 წლიდან სხვადასხვა სახის სოუსებით, კეტჩუპითა და მდოგვით ამარაგებს.