გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი აგრძელებს გარემოს დაცვის საკითხებზე მუნიციპალიტეტებისა და ახალგაზრდების ინფორმირებას
გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ახალი პროექტი იწყება, სახელწოდებით: „წყალი, გარემო და ჯანმრთელობა მოზარდების უსაფრთხო მომავლისათვის“. პროექტის მიზანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების მოსწავლეების ცნობიერების დონის ამაღლება სასმელი წყლის, გარემოს, შიდა ჰაერის დაბინძურებისა და კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებზე.
პროექტის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება გარემოს დაცვის საკითხებში ახალგაზრდების ჩართულობის ზრდის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობაზე, ამასთანავე მონაწილეებს მიეწოდებათ სიღრმისეული ინფორმაცია წყლის რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის აუცილებლობის შესახებ.
პროექტში ჩართული იქნება ბათუმის, რუსთავის, ქუთაისისა და ფოთის ორმოცი სკოლის 650 მოსწავლე, ასევე ქუთაისისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების 50 სტუდენტი. პროექტის ფარგლებში მოსწავლე-ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ ტრენინგები და საჯარო ლექციები. ასევე, დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრები მუნიციპალური ხელისუფლებისა და საბავშვო ბაღების წარმომადგენლებთან.
პროექტის ხანგრძლივობაა 8 თვე.
გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით და პარტნიორობით, 2022-2024 წლებში ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში განხორციელებული პროექტების ფარგლებში 1000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, რომლებსაც სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩაუტარდათ თემატური ტრენინგები და საჯარო ლექციები.
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის შესახებ: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიზანია ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორების აქტუალურ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის სპეციალური სასწავლო კურსების/პროგრამების განხორციელება, ქალთა ჩართულობის ზრდა ენერგეტიკის სექტორში, სკოლის მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება და სხვა. ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, გაიარონ სასწავლო კურსები ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის, სატარიფო რეგულირების შესახებ.
გაეროს ბავშვთა ფონდის შესახებ: გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) 70 წელზე მეტია მუშაობს მსოფლიოს ყველაზე რთულ რეგიონებში, რათა დაეხმაროს მსოფლიოს ყველაზე მოწყვლად ბავშვებს. 190-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულში, ჩვენ ვმუშაობთ ყოველი ბავშვისთვის ყველგან, რათა ავაშენოთ უკეთესი მსოფლიო ყველასთვის. იუნისეფი 20 წელზე მეტია ეხმარება საქართველოს მთავრობას ბავშვთა უფლებების დაცვასა და ბავშვის უფლებათა კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ყველაზე დაუცველ ბავშვებს, ხელი შევუწყოთ მათ გაძლიერებასა და სოციალურ ინკლუზიას, შევამციროთ უთანასწორობა, რაც უარყოფითად ზემოქმედებს ბავშვებსა და მათ ოჯახებზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის სპეციალისტი, Tel: +995 599 533071, mkurtsikidze@unicef.org, www.unicef.org/georgia,
გამოგვყევით Twitter-სა and Facebook-ზე
ქეთევან ბერიკაშვილი, სემეკთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის
სასწავლო ცენტრი საბჭოს წევრი Mob.(+995) 577310011, k.berikashvili@entc.ge, www.entc.ge.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.