გამოფენა "სვანეთი - დროისა და სივრცის ფარდობითი თამაში", რომელიც ვიტორიო სელას ეძღვნება
იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ'ანტუონომ გახსნა გამოფენა "სვანეთი - დროისა და სივრცის ფარდობითი თამაში. ვიტორიო სელა - ნიკა ლებანიძე". გამოფენა, რომლის გახსნას უამრავი სტუმარი დაესწრო, საქართველოს იტალიის საელჩოსა და ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის თანაორგანიზებით იმართება და ეძღვნება ქალაქ ბიელაში დაბადებულ იტალიელ ალპინისტსა და ფოტოგრაფს, ვიტორიო სელას, რომელმაც მეცხრამეტე საუკუნის საქართველოს მთიანი რეგიონების ამსახველი ფასდაუდებელი მემკვიდრეობა დაგვიტოვა.
ექსპოზიცია მოიცავს ვიტორიო სელას 15 ფოტოსურათს და ექსპოზიციის ავტორისა და კურატორის, ცნობილი ქართველი ალპინისტისა და ფოტოგრაფის, ნიკა ლებანიძის მიერ გადაღებულ ფოტოსურათებს. სელას ექსპედიციებიდან 135 წლის შემდეგ, ნიკა ლებანიძემ მისი მარშრუტი გაიმეორა და შექმნა ფოტოგამოსახულებები, რომლებზეც აღბეჭდილია, თუ როგორ შეცვალა დრომ მთები და პეიზაჟები.
„ვიტორიო სელას ფოტომემკვიდრეობამ, რომელმაც იმდროინდელი მთის ხედები შემოგვინახა, უამრავი მკვლევარისთვის, მეცნიერისთვის, რეჟისორისა და ფოტოგრაფისთვის დღესაც შთაგონების წყაროა", - აღნიშნა ელჩმა დ'ანტუონომ, - „გასულ წლებში, საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ვიტორიო სელასადმი მიძღვნილი ოთხი გამოფენა გაიმართა, გარდა ამისა, საელჩომ ხელი შეუწყო მთის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფოტოხელოვანად აღიარებულ ფოტოგრაფთან დაკავშირებული სხვადასხვა გამოცემებისა და ვიზუალური მასალების მომზადებას".
გამოფენა ღია იქნება მნახველისთვის 2026 წლის 20 ივლისამდე.
სხვა სიახლეები
აჭარის მუნიციპალიტეტებში 90-ზე მეტი მზარეული გადამზადდა
14.07.2026.17:32
ბათუმში მზარეულების გადამზადების პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც ორთვიანი სატრენინგო პროგრამის შედეგები, მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები განიხილეს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სატრენინგო პროგრამისას, რომელიც რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა, 90-ზე მეტმა მზარეულმა გაიარა თეორიულ-პრაქტიკული სწავლებები. ტრენინგებისას მონაწილეებმა შეისწავლეს ხორცეულის, თევზეულის, ფრინველის ხორცის დამუშავების ტექნოლოგიები და კერძების მომზადება. ასევე, ბოსტნეულის, მხალეულის კერძებისა და ცომეულის გაკეთება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ტრენინგების მიზანი მთიან აჭარაში კვებითი მომსახურების ხარისხის ამაღლება, სხვადასხვა პროდუქტის უკეთ დამუშავებისა და კერძების მომზადების ტექნოლოგიების გაუმჯობესება იყო. სატრენინგო პროგრამაში აჭარის მუნიციპალიტეტებში მდებარე განთავსებისა და კვების ობიექტების მზარეულები იყვნენ ჩართულები. შემაჯამებელ ღონისძიებაზე მათ სერტიფიკატები გადაეცათ.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მთიან აჭარაში გასტრონომიული შესაძლებლობების განვითარება, რათა იქ ასულ მოგზაურებს დახვდეს სტანდარტების მიხედვით მომზადებული ავთენტური, ადგილობრივი კერძები. სატრენინგო პროგრამაში ძალიან კარგი ტრენერები იყვნენ ჩართულები, რომლებმაც თავიანთი ცოდნა და გამოცდილება არ დაიშურეს ჩვენი მზარეულებისთვის. სასიხარულოა, რომ ინტერესი ახალი ცოდნის მიღების მიმართულებით იყო მაღალი ჩვენს მონაწილეებში, რაც ვიმედოვნებთ მათ მიერ მომზადებულ კერძებზეც აისახება,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ კაიკაციშვილმა.