განახლებული საგადახდო სისტემით მომდევნო რეფორმებისთვის მყარი ტექნოლოგიური საფუძველი შეიქმნა - ნატალია ჭყოიძე
სებ-ის საგადახდო სისტემების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნატალია ჭყოიძისგანცხადებით, საგადახდო სისტემის ძირეული განახლება გადარიცხვების უფრო სწრაფ და უსაფრთხო დამუშავებას უზრუნველყოფს და ასევე, მომდევნო რეფორმებისთვის მყარ ტექნოლოგიურ საფუძველს ქმნის.
როგორც მან აღნიშნა, მყისიერი გადახდების სისტემა მომხმარებლებს თანხის რამდენიმე წამში გადარიცხვის შესაძლებლობას მისცემს.
"როგორც ცნობილია ეროვნული ბანკის საქმიანობას და მის ფუნქციებს განსაზღვრავს საქართველოს ორგანული კანონი ეროვნული ბანკის შესახებ და სწორედ ამ კანონით განსაზღვრულია ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ფუნქცია- ხელი შეუწყოს საგადახდო სისტემების მდგრად, უსაფრთხო და ეფექტიან ფუნქციონირებას. სწორედ, ამ ფუნქციის შესრულების მიზნით ეროვნული ბანკი მართავს, ნერგავს და ავითარებს საგადახდო სისტემას. ახლახან განხორციელდა ძირეული განახლება არსებული საგადახდო სისტემის, რომელშიც ჩართულია ყველა კომერციული ბანკი, მიკრობანკი, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური და ასევე, ეროვნული ბანკი.
ეს არის ერთადერთი სისტემა ქვეყნის მასშტაბით, რომელშიც ჩართულია ყველა ეს სუბიექტი. აღნიშნული კი, უზრუნველყოფს ფულადი სახსრების მიმოცვლას კომერციულ ბანკებს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურსადა საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის. კერძოდ, ნებისმიერი ბანკის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გადარიცხოს თანხა ნებისმიერი ბანკის მომხმარებელთან და ეს არის უკვე ნორმა და არა სიახლე. ეროვნული ბანკი უკვე წლების განმავლობაში ასრულებს ამ ფუნქციას.
რა შეიცვალა ამ განახლებით?! - პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ძირეული განახლება განხორციელდა 15 წლის წინ. ამის შემდეგ, ბუნებრივია, ტექნოლოგიურად ბევრი რამ შეიცვალა და მომავალში გარკვეული რისკები რომ არ წარმოშობილიყო უკვე საჭირო იყო სისტემა განგვეახლებინა ტექნოლოგიურად. აღნიშნულმა მოგვცა ის, რომ გადარიცხვები გაცილებით სწრაფად მუშავდება სისტემის შიგნით. დარწმუნებული ვარ, ამას გრძნობენ კომერციული ბანკები და ეს საბოლოო ჯამში გავლენას იქონიებს მომხმარებლის გამოცდილებაზე.
ახალი ინფრასტრუქტურის საშუალებით მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, თავიანთი გადარიცხვები უფრო სწრაფად და უსაფრთხოდ შეასრულონ. უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო პირველი ნაბიჯი ტექნოლოგიური განახლების და იმ რეფორმების, რასაც ეროვნული ბანკი გეგმავს. ამ განახლებით შეიქმნა მყარი ტექნოლოგიური საფუძველი მომდევნო რეფორმებისთვის.
აქ, პირველ რიგში, ვგულისხმობთ მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვის შესაძლებლობას. ამ სისტემის დანერგვისთვის აუცილებელი იყო არსებული ინფრასტრუქტურის ტექნოლოგიური განახლება და ის უკვე უზრუნველყოფს მომავალი მყისიერი გადახდების სისტემის მხარდაჭერას. უნდა აღინიშნოს, რომ მყისიერი გადახდების სისტემა მთლიანად შეცვლის მომხმარებლების გამოცდილებას - ის, თუ როგორ შესრულდება გადარიცხვები ამ სისტემის დანერგვის შემდგომ. გადარიცხვა შესრულდება რამდენიმე წამში - მისი ინიცირებიდან მიმღების ანგარიშზე ასახვამდე და გადამხდელი მიიღებს შეტყობინებას, რომ ეს თანხა უკვე მიიღო ადრესატმა. ეს არის ის ძირითადი ცვლილება, რასაც ჩვენ ამ რეფორმების შედეგად ველით. მსოფლიო ბანკი ჩვენ მხარდაჭერას გვიწევდა როგორც განხორციელებულ პროექტში, ისე მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვის ფარგლებშიც. ჩართული არიან საერთაშორისო დონის ექსპერტები საგადახდო სფეროში და ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს შესაძლებლობა გავიზიაროთ საერთაშორისო გამოცდილება და ის გადმოვიტანოთ ჩვენს სისტემებში. შესაბამისად, ჩვენს სისტემებში დავნერგეთ ისეთი შესაძლებლობები, რომ მომავალში სხვა ქვეყნების სისტემებთან ინტეგრაცია უფრო მარტივად შევძლოთ. ეს არის ის მომდევნო რეფორმები, რომლებზედაც შემდგომ ეტაპებზე უფრო დეტალურად შეგვეძლება საუბარი", - აცხადებს ნატალია ჭყოიძე.
ცნობისთვის, სებ-მა წარმატებით დაასრულა დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორებისა (RTGS) და კლირინგის სისტემების განახლება.
RTGS-ის განახლებული სისტემის დანერგვა მიზნად ისახავს ფინანსური სექტორისა და მომხმარებლებისთვის - ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის - უფრო სწრაფი, უსაფრთხო და საიმედო მომსახურების უზრუნველყოფას, ასევე საერთაშორისო სტანდარტებთან კიდევ უფრო მეტად დაახლოებას. გარდა ამისა, ახალი ინფრასტრუქტურა ქმნის კარგ საფუძველს მომავალი ინოვაციური სერვისების, მათ შორის, მყისიერი გადახდების სისტემისა(IPS) და დამატებითი ციფრული მომსახურებების განვითარებისთვის.
სხვა სიახლეები
აჭარის მუნიციპალიტეტებში 90-ზე მეტი მზარეული გადამზადდა
14.07.2026.17:32
ბათუმში მზარეულების გადამზადების პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც ორთვიანი სატრენინგო პროგრამის შედეგები, მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები განიხილეს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სატრენინგო პროგრამისას, რომელიც რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა, 90-ზე მეტმა მზარეულმა გაიარა თეორიულ-პრაქტიკული სწავლებები. ტრენინგებისას მონაწილეებმა შეისწავლეს ხორცეულის, თევზეულის, ფრინველის ხორცის დამუშავების ტექნოლოგიები და კერძების მომზადება. ასევე, ბოსტნეულის, მხალეულის კერძებისა და ცომეულის გაკეთება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ტრენინგების მიზანი მთიან აჭარაში კვებითი მომსახურების ხარისხის ამაღლება, სხვადასხვა პროდუქტის უკეთ დამუშავებისა და კერძების მომზადების ტექნოლოგიების გაუმჯობესება იყო. სატრენინგო პროგრამაში აჭარის მუნიციპალიტეტებში მდებარე განთავსებისა და კვების ობიექტების მზარეულები იყვნენ ჩართულები. შემაჯამებელ ღონისძიებაზე მათ სერტიფიკატები გადაეცათ.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მთიან აჭარაში გასტრონომიული შესაძლებლობების განვითარება, რათა იქ ასულ მოგზაურებს დახვდეს სტანდარტების მიხედვით მომზადებული ავთენტური, ადგილობრივი კერძები. სატრენინგო პროგრამაში ძალიან კარგი ტრენერები იყვნენ ჩართულები, რომლებმაც თავიანთი ცოდნა და გამოცდილება არ დაიშურეს ჩვენი მზარეულებისთვის. სასიხარულოა, რომ ინტერესი ახალი ცოდნის მიღების მიმართულებით იყო მაღალი ჩვენს მონაწილეებში, რაც ვიმედოვნებთ მათ მიერ მომზადებულ კერძებზეც აისახება,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ კაიკაციშვილმა.