განათლების რეფორმის საკანონმდებლო ეტაპი დასრულდა, დაწყებულია მისაღები გამოცდების ფაზა - ზვიად გაბისონია
უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში მთავრობამ საკანონმდებლო ცვლილებების ძირითადი ეტაპი უკვე დაასრულა და პროცესი მისაღები გამოცდების ფაზაზე გადავიდა. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ განაცხადა, რეფორმა მოიცავს სპეციალობების კვოტირებასა და სასწავლო მოდელის ცვლილებას - 4+2 სისტემიდან 3+1+1 მოდელზე გადასვლას.
„საქმე ის გახლავთ, რომ ძირითადი მიმართულებები აბსოლუტურად გეგმის მიხედვით მიდის. თქვენ იცით, რომ ჩვენ დაწყებული შემოდგომიდან, როცა პრემიერმა გააკეთა განცხადება და შესაბამისად წარვადგინეთ მთავარი კონცეფცია, პარლამენტში გვქონდა ორი პაკეტის წარდგენა - ერთი საშემოდგომო სესიაზე და მეორე საგაზაფხულო სესიაზე დაჩქარებული წესით, რითიც ძირითადი პაკეტი უზრუნველვყავით იმ მიმართულებით, რაც წელს გვჭირდებოდა ამ ნაწილში. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ იყო კვოტირების საკითხი. გახსოვთ, რომ მთავრობაზე იყო დელეგირება, რომ მოეხდინა გარკვეული ტიპის პროფესიების მიმართულებით და პროგრამების მიხედვით დადარება და შესაბამისად განესაზღვრა კვოტირების ნაწილში. ასევე ჩვენმა სამინისტრომ დამატებით იმუშავა საგამონაკლისო წესებზე. ჩვენი მოდელის მიხედვით ჩვენ გადავდივართ 4+2-დან 3+1+1 მოდელზე. შესაბამისად დადარდა და მოხდა გარკვეული ტიპის ცვლილებები - სად შეიძლებოდა და სად იყო აუცილებლობა, მაგალითად საინჟინრო, მედიცინის და ასე შემდეგ - არა სამწლიანი, არამედ ოთხწლიანი ან ზოგჯერ ხუთწლიანი მიმართულებები. მაგისტრატურის ნაწილში ძალიან ცოტა პროგრამა დარჩა ორწლიან ნაწილში, დანარჩენი გადავიდა ერთწლიანზე, ანუ 1+1 მოდელზე. ამ ეტაპისთვის უნდა გითხრათ, რომ ძირითადი საკანონმდებლო მიმართულებები უკვე დასრულებული გვაქვს - ვგულისხმობ ძირითად ორ ფაზას. ახლა გადასული ვართ მისაღები გამოცდების საწყის ფაზაში. პროგრამები უკვე გაკეთებულია, ანკეტა-კითხვარები გაკეთებულია უნივერსიტეტების მიერ და შესაბამისად შემდეგ ფაზაზე გადავდივართ“, - აღნიშნა გაბისონიამ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.