გარემოს დაცვის მსოფლიო დღე გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა მოსწავლეებთან ერთად აღნიშნა
5 ივნისს მსოფლიო მასშტაბით გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნება. ეს დღე გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით 1972 წელს დაწესდა და მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოების მხრიდან ეკოლოგიური გამოწვევების გაცნობიერებასა და ერთობლივ მოქმედებაში.
წლევანდელი წლის მთავარი თემა – „დაამარცხე პლასტმასით დაბინძურება“ – მიზნად ისახავს პლასტმასის მავნე ზეგავლენის შემცირებას და მდგრადი გარემოს შენარჩუნების საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას.
გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, სამინისტროს ეზოში ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ქართულ-ამერიკული სკოლის VI და VII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს. ბავშვებმა წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრები, რომლებიც გამოხატავდა მათ ხედვას ნარჩენებით დაბინძურების პრობლემისა და მისი გადაჭრის გზების შესახებ.
ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მარიამ გორგაძემ გახსნეს.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, გარემოს დაცვის მსოფლიო დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის ჩართულობა გარემოს დაცვის პროცესში.
„განსაკუთრებით აღსანიშნავია ის მნიშვნელოვანი წვლილი, რომელიც საქართველოს მთავრობასა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს მიუძღვით. სწორედ მათი მხარდაჭერით ხორციელდება ქმედითი პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და გარემოსადმი პასუხისმგებლობით განსჭვალული თაობების აღზრდას“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
ღონისძიებაზე მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის როლზე. ცენტრის დირექტორის მოადგილემ, მარიამ გორგაძემ აღნიშნა, რომ ცენტრი წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ ძირითად პლატფორმას გარემოსდაცვითი განათლების კუთხით.
„გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ახორციელებს როგორც საინფორმაციო კამპანიებს, ისე პრაქტიკულ-საგანმანათლებლო პროგრამებს სკოლებისთვის, სტუდენტებისთვისა და ფართო საზოგადოებისათვის. დღეს ასეთ ფორმატში გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღნიშვნა სწორედ იმ თანამშრომლობის შედეგია, რაც სამინისტროს, სკოლებსა და არასამთავრობო სექტორს შორის არსებობს“, - აღნიშნა მარიამ გორგაძემ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების მიერ, გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, არაერთი ღონისძიება ჩატარდა. ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, მოხალისეობრივი პლატფორმა „ტყის მეგობრის“ ფარგლებში, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების მასშტაბური აქცია გამართა; ლაგოდეხში, დაცული ტერიტორიების სააგენტომ, შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტის „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ - დასკვნითი ღონისძიება ჩაატარა. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გარემოსდაცვის მსოფლიო დღე ბათუმში, წყალში ნარჩენების შემგროვებელი დრონის სადემონსტრაციო ჩვენებით და სანაპიროს დასუფთავების აქციით აღნიშნა.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.