გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში ახალი უწყება - „გასტრონომიის ეროვნული სააგენტო“ შეიქმნა
ქვეყნის გასტრონომიული მემკვიდრეობის დაცვის, განვითარების, პოპულარიზაციისა და საერთაშორისო ცნობადობის გაძლიერების, ასევე გასტრონომიის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებისა და განხორციელების მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში, ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი „გასტრონომიის ეროვნული სააგენტო“ შეიქმნა. შესაბამისი მთავრობის დადგენილება 2026 წლის 20 ივლისიდან ამოქმედდება.
სააგენტო უზრუნველყოფს გასტრონომიული მემკვიდრეობის კვლევასა და პოპულარიზაციას, ასევე, მათი დაცვის სამართლებრივი მექანიზმების სრულყოფას, სხვადასხვა უწყებებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის ეფექტიან კოორდინაციას და ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდას როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.
აღსანიშნავია, რომ გასტრონომია ქვეყნის კულტურული იდენტობის და სოციალური განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს. იგი აერთიანებს ტრადიციებს, ცოდნას და უნიკალურ გასტრონომიულ პრაქტიკებს, რაც ქმნის ეროვნულ თვითმყოფადობას და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე. ავთენტური გასტრონომიული პროდუქტების მიმართ გაზრდილი საერთაშორისო და ადგილობრივი მომხმარებლების ინტერესები კი, საქართველოსთვის დამატებით შესაძლებლობებს ქმნის.
მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილია ისეთი გამორჩეული სასურსათო პროდუქტების დამზადების ტექნოლოგიები, როგორიცაა დამბალხაჭო, ქვევრის ღვინო, მესხური ტენილი ყველი, ჩურჩხელა და სხვა, რომლებიც წარმოადგენენ ქართული გასტრონომიული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან სიმდიდრეს. ამასთანავე, საქართველო აღიარებულია ღვინის სამშობლოდ, სადაც ღვინის წარმოების უწყვეტი ტრადიცია დაახლოებით 8 000 წელს ითვლის, რაც ქვეყნისთვის განსაკუთრებულ კონკურენტულ უპირატესობას წარმოადგენს.
შესაბამისად, სააგენტოს საქმიანობა მნიშვნელოვნად გააძლიერებს რეგიონული განვითარების პროცესს, ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის დივერსიფიკაციასა და ადგილობრივი ტრადიციული პროდუქტების კომერციალიზაციას, რაც გაზრდის სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შემოსავლებს და ხელს შეუწყობს სოფლის ეკონომიკური განვითარების სტიმულირებას, ადგილობრივი წარმოების ზრდას.
სააგენტოს საქმიანობა ასევე დადებით გავლენას მოახდენს ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე, განსაკუთრებით გასტრონომიული ტურიზმის განვითარებაზე. გაძლიერდება გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისა და გამოყენების პრაქტიკა, რაც უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის, ავთენტურობისა და რეპუტაციის დაცვას და მომხმარებლის ნდობის ზრდას.
სხვა სიახლეები
სოფელ დიდ ლილოში, წყალარინების სისტემისა და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ორი პროექტი განხორციელდება - კახა კალაძე
18.11.2026.12:21
სოფელ დიდ ლილოში, წყალარინების სისტემისა და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ორი მიმართულებით მუშაობს.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული პრობლემის მოგვარებას ადგილობრივებს ცოტა ხნის წინ გამართულ შეხვედრაზე დაპირდნენ.
„როდესაც ჩვენ გვქონდა შეხვედრა ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან, საინიციატივო ჯგუფთან, ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც მოსახლეობას აწუხებდა, იყო წყალარინების ქსელის არარსებობა. ზოგიერთ ქუჩაზე არსებობს ქსელი, მოსახლეობის ნაწილს კი პრობლემა აქვს. ჩვენ ადგილობრივებს ამ პრობლემის მოგვარებას დავპირდით. მოსახლეობის იმ ნაწილის ცენტრალიზებულ წყალარინების სისტემაზე დასაერთებლად, რომელიც ამჟამად აღნიშნული მომსახურებით ვერ სარგებლობს, კომპანია სამუშაოებს მიმდინარე წლის დეკემბერში დაიწყებს“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, მომდევნო წლის მარტში ასევე დაგეგმილია არსებული წყალარინების ცენტრალური მილსადენის დიამეტრის გაზრდა, რაც ქსელის გამტარუნარიანობას გააძლიერებს.
„აღნიშნული სამუშაოების შედეგად, სოფელ დიდ ლილოში გაფართოვდება წყალარინების მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მომსახურების ხარისხი“, - განაცხადა კახა კალაძემ.