გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების რეალიზაციის ადგილების კონტროლს იწყებს
პლასტმასით გარემოს დაბინძურების პრევენციისა და ბუნებრივ ეკოსისტემებზე მნიშვნელოვანი ზეწოლის შემცირების მიზნით, 1 აპრილიდან ძალაში შევიდა დადგენილება, რომლის თანახმად იკრძალება პლასტმასის ისეთი მასალებისა და ნაკეთობების რეალიზაცია, როგორიცაა სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი, პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლები, დანები, კოვზები, ჩხირები, თეფშები, საწრუპები, სასმლის მოსარევები, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერები და მათი თავსახურები, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული ჭიქები და მათი თავსახურები. ინფორმაციას სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
აღნიშნული რეგულაციის აღსრულებაზე მაკონტროლებელი უწყება - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი რეგულარულად განახორციელებს კონტროლს სარეალიზაციო ადგილებზე და თითოეულ დარღვევაზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის - სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ“ მოთხოვნების დარღვევაზე გათვალისწინებულია ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით და ამავდროულად, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაცია. განმეორებით შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება და 2 ათას ლარს შეადგენს.
სხვა სიახლეები
ლაშა ავალიანი ქანდაში მარცვლეულის შემნახველი მეურნეობის გახსნას დაესწრო
23.10.2026.12:35
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქანდაში კომპანიის „ინვეტ ჯგუფი“ მარცვლეულის შემნახველი მეურნეობის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.
ახალი ობიექტის ტევადობა 11 000 ტონას შეადგენს. მეურნეობა აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური სასილოსე რეზერვუარებით, რაც მარცვლეულის შენახვის პირობების მუდმივი კონტროლისა და პროდუქციის ხარისხის შენარჩუნების შესაძლებლობას იძლევა. ტენიანობისა და ტემპერატურის კონტროლი მარცვლეულის სათანადო პირობებში შენახვას უზრუნველყოფს და დანაკარგების შემცირებას უწყობს ხელს.
„თანამედროვე სასაწყობე ინფრასტრუქტურის განვითარება სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მოსავლის სათანადო პირობებში შენახვა პირდაპირ უკავშირდება პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებასა და სასოფლო-სამეურნეო დანაკარგების შემცირებას. მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორი თანამედროვე ტექნოლოგიებს ნერგავს და ინფრასტრუქტურის განვითარებაში ინვესტიციებს ახორციელებს. სახელმწიფოს მხარდაჭერის მიზანიც სწორედ ასეთი ინიციატივების ხელშეწყობაა, რათა აგროსექტორში წარმოების შესაძლებლობები გაიზარდოს და საქმიანობა გრძელვადიან განვითარებაზე იყოს ორიენტირებული“, - განაცხადა ლაშა ავალიანმა.
პროექტი „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში განხორციელდა. მისი ჯამური ღირებულება 4,4 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც 1,5 მილიონი ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, ხოლო 364 818 ლარი - სახელმწიფო თანადაფინანსება.
შპს „ინვენტ ფიდი“ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია და 2015 წლიდან სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებით სარგებლობს.
პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, შემნახველი მეურნეობების შექმნის მიზნით, გაცემულია 939 მილიონი ლარის ღირებულების აგროსესხები, ხოლო სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 169 მილიონ ლარს აღემატება.