გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, მონიტორინგის დაწყებიდან 3 წელში, ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 20 727 ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, სატრანსპორტო სექტორიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით, ქვეყნის ოთხ მსხვილ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში, გზებზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან ახორციელებს.
მონიტორინგის დაწყებიდან დღემდე, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 20 727 ფაქტი გამოვლინდა.
გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 11 273 თბილისში, 3 627 ბათუმში, 3 366 ქუთაისში, ხოლო 2 461 ქალაქ რუსთავში დაფიქსირდა.
სამართალდარღვევების 18 032 შემთხვევა ფიზიკური პირების, ხოლო 2 695 შემთხვევა იურიდიული პირების მიერ იყო ჩადენილი. სატრანსპორტო საშუალებების ტიპების მიხედვით, 12 109 სამართალდარღვევა მსუბუქ ავტომობილებზე, 7 905 - მიკროავტობუსებზე, 694 - სატვირთო ავტომობილებზე, 18 - ავტობუსებზე, ხოლო 1 - ექსკავატორზე მოდის.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლის დაწყებიდან რამდენიმე თვეში ჩატარებული ანალიზის საფუძველზე, დეპარტამენტმა კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერება დაიწყო. გაიზარდა ეკიპაჟების რაოდენობა, დეპარტამენტმა შეიძინა ჰიბრიდული ავტომობილები, ხოლო ეკიპაჟები შესაბამისი გამზომი ხელსაწყოებით აღიჭურვა.
თანამშრომლების პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, პერიოდულად ხორციელდება მათი გადამზადებაც.
გაძლიერებული შესაძლებლობების შედეგად, დეპარტამენტის თანამშრომლებს მეტი ლოკაციისა და მეტი ავტოსატრანსპორტო
საშუალების შემოწმების შესაძლებლობა მიეცათ, რამაც გამოვლენილი სამართალდარღვევების რაოდენობის ზრდა განაპირობა. კერძოდ, 2024 წელს დეპარტამენტმა ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 5 562 ფაქტი გამოავლინა, 2025 წელს - 6 016, ხოლო 2026 წლის 8 თვის განმავლობაში - 6 105 სამართალდარღვევა. მათგან 743 ფაქტი მხოლოდ აგვისტოში დაფიქსირდა.
მონიტორინგის დაწყებიდან სამი წლის თავზე, გამონაბოლქვის კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესებისა და პროცესის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, დეპარტამენტში გამონაბოლქვის კონტროლის სამსახური ცალკე სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა, რაც კონტროლის პროცესის კიდევ უფრო ეფექტიანად და ოპერატიულად განხორციელებას უზრუნველყოფს.
ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
სხვა სიახლეები
ლაშა ავალიანი ქანდაში მარცვლეულის შემნახველი მეურნეობის გახსნას დაესწრო
23.10.2026.12:35
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქანდაში კომპანიის „ინვეტ ჯგუფი“ მარცვლეულის შემნახველი მეურნეობის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.
ახალი ობიექტის ტევადობა 11 000 ტონას შეადგენს. მეურნეობა აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური სასილოსე რეზერვუარებით, რაც მარცვლეულის შენახვის პირობების მუდმივი კონტროლისა და პროდუქციის ხარისხის შენარჩუნების შესაძლებლობას იძლევა. ტენიანობისა და ტემპერატურის კონტროლი მარცვლეულის სათანადო პირობებში შენახვას უზრუნველყოფს და დანაკარგების შემცირებას უწყობს ხელს.
„თანამედროვე სასაწყობე ინფრასტრუქტურის განვითარება სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მოსავლის სათანადო პირობებში შენახვა პირდაპირ უკავშირდება პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებასა და სასოფლო-სამეურნეო დანაკარგების შემცირებას. მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორი თანამედროვე ტექნოლოგიებს ნერგავს და ინფრასტრუქტურის განვითარებაში ინვესტიციებს ახორციელებს. სახელმწიფოს მხარდაჭერის მიზანიც სწორედ ასეთი ინიციატივების ხელშეწყობაა, რათა აგროსექტორში წარმოების შესაძლებლობები გაიზარდოს და საქმიანობა გრძელვადიან განვითარებაზე იყოს ორიენტირებული“, - განაცხადა ლაშა ავალიანმა.
პროექტი „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში განხორციელდა. მისი ჯამური ღირებულება 4,4 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც 1,5 მილიონი ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, ხოლო 364 818 ლარი - სახელმწიფო თანადაფინანსება.
შპს „ინვენტ ფიდი“ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია და 2015 წლიდან სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებით სარგებლობს.
პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, შემნახველი მეურნეობების შექმნის მიზნით, გაცემულია 939 მილიონი ლარის ღირებულების აგროსესხები, ხოლო სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 169 მილიონ ლარს აღემატება.