გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს პაატა კილაძე უხელმძღვანელებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს უწყების ახალი უფროსი პაატა კილაძე წარუდგინა.
მინისტრმა პაატა კილაძეს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. დავით სონღულაშვილმა ყურადღება გაამახვილა გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის მნიშვნელობაზე და იმ ღონისძიებებსა და რეფორმებზე, რომლებიც ამ მიმართულებით არის დაგეგმილი.
„ბატონ პაატას საჯარო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. წლების განმავლობაში სხვადასხვა უწყებაში წარმატებით ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს. დარწმუნებული ვარ, მისი მოსვლით ჩვენი გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდება“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ლევან ჯღარკავას გაწეული საქმიანობისთვის. მისი განცხადებით, უწყებაში განხორციელებული ცვლილება როტაციული ხასიათისაა და ლევან ჯღარკავა სამინისტროს სისტემაში საქმიანობას გააგრძელებს, რაც, თავის მხრივ, სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებას ემსახურება.
პაატა კილაძე პროფესიით ეკონომისტი და იურისტია. მას საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საგადასახადო სტრუქტურებში. 2021 წლიდან დღემდე ის სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
პაატა კილაძემ მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. მან აღნიშნა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საქმიანობას ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და გამოთქვა მზადყოფნა, თავისი გამოცდილებითა და შესაძლებლობებით ხელი შეუწყოს უწყების წინაშე დასახული ამოცანების ეფექტიანად შესრულებას.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი უზრუნველყოფს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, მის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
სხვა სიახლეები
ლაშა ავალიანი ქანდაში მარცვლეულის შემნახველი მეურნეობის გახსნას დაესწრო
23.10.2026.12:35
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქანდაში კომპანიის „ინვეტ ჯგუფი“ მარცვლეულის შემნახველი მეურნეობის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.
ახალი ობიექტის ტევადობა 11 000 ტონას შეადგენს. მეურნეობა აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური სასილოსე რეზერვუარებით, რაც მარცვლეულის შენახვის პირობების მუდმივი კონტროლისა და პროდუქციის ხარისხის შენარჩუნების შესაძლებლობას იძლევა. ტენიანობისა და ტემპერატურის კონტროლი მარცვლეულის სათანადო პირობებში შენახვას უზრუნველყოფს და დანაკარგების შემცირებას უწყობს ხელს.
„თანამედროვე სასაწყობე ინფრასტრუქტურის განვითარება სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მოსავლის სათანადო პირობებში შენახვა პირდაპირ უკავშირდება პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებასა და სასოფლო-სამეურნეო დანაკარგების შემცირებას. მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორი თანამედროვე ტექნოლოგიებს ნერგავს და ინფრასტრუქტურის განვითარებაში ინვესტიციებს ახორციელებს. სახელმწიფოს მხარდაჭერის მიზანიც სწორედ ასეთი ინიციატივების ხელშეწყობაა, რათა აგროსექტორში წარმოების შესაძლებლობები გაიზარდოს და საქმიანობა გრძელვადიან განვითარებაზე იყოს ორიენტირებული“, - განაცხადა ლაშა ავალიანმა.
პროექტი „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში განხორციელდა. მისი ჯამური ღირებულება 4,4 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც 1,5 მილიონი ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, ხოლო 364 818 ლარი - სახელმწიფო თანადაფინანსება.
შპს „ინვენტ ფიდი“ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია და 2015 წლიდან სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებით სარგებლობს.
პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, შემნახველი მეურნეობების შექმნის მიზნით, გაცემულია 939 მილიონი ლარის ღირებულების აგროსესხები, ხოლო სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 169 მილიონ ლარს აღემატება.