GCCA-ი, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 9 თვის სტატისტიკას აქვეყნებს
მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 9 თვეში, GCCA-ში - 2013 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 6250 შეადგინა. შემოსული განცხადებების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 102 %-ით არის გაზრდილი.

საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 248 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 563 საქმეზე. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 136 მოვაჭრეს - 307 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა, ჯამში - 303 463 ლარის ოდენობით. ამასთან, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 168 საქმეზე - 147 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულებები - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 68% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 32% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. ადგილმდებარეობის მიხედვით, სააგენტოსთვის მომართვიანობისას, დიდი წილი - 81% თბილისს უჭირავს, შემდეგ კი მოდის რეგიონები - აჭარა 6 %, იმერეთი - 3%, ქვემო ქართლი - 2%, კახეთი - 2 %, სამეგრელო-ზემო სვანეთი 2 % და სხვ.
მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 834 განაცხადი, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან შეცვლაზე 436, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 498, ხოლო სხვა დანარჩენზე - 245. სექტორების მიმართულებით, სტატისტიკის თანახმად, 67%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება - 11%, ხელოვნება, გართობა და დასვენება - 3 %, ხოლო სხვა სახის საქმიანობები - 19 %.
სხვა სიახლეები
უახლოეს პერიოდში დავასრულებთ სამედიცინო სერვისების ბაზრის მონიტორინგს - ირაკლი ლექვინაძე
05.10.2026.12:22
უახლოეს პერიოდში დავასრულებთ სამედიცინო სერვისების ბაზრის მონიტორინგს , - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.
„ჩვენ რამდენიმე მონიტორინგს დავხურავთ წლის ბოლომდე. ახლა 9 თვის მონაცემების მიხედვით შევხედავთ საწვავის ბაზრის ვითარებას, თუმცა ჩვენ გვესმის, რომ ფასები იზრდება გარე ბაზრებზე არასტაბილურობის გამო - არამარტო ფასების ზრდის, არამედ ლოჯისტიკურ ჯაჭვებში სრული გაურკვევლობის გამო. იმიტომ, რომ იმდენად, გაურკვევლად იცვლება ფასები, რომ ძნელია რაიმეს პროგნოზირება. თუმცა ჩვენ ამ საკითხს მუდმივად ვაკვირდებით და 9 თვის სურათსაც წარმოვადგენთ.
რასაც დავასრულებთ, ალბათ, უახლოეს პერიოდში იქნება სამედიცინო სერვისების ბაზარი. რამდენიმე ციფრს გავუსვამ ხაზს: 2025 წლის მდგომარეობით, ჯამში სამი წელი გვაქვს შესწავლილი, 13 000 სამედიცინო მომსახურების მიმართულებაა შესწავლილი ჩვენს მიერ. იდენტიფიცირებული გვაქვს, სად მოხდა ფასების ზრდა, რა ნაწილში და ასევე, სად არის მაღალი ფასნამატი.
დაახლოებით 300-მდე, 300-350 სერვისი გამოვკვეთეთ, სადაც შეიძლება ფასნამატი იყოს 100% და მეტი. შემდგომი ეტაპი იქნება, რომ შევხედოთ, რითი არის ეს საკითხი გამოწვეული.
ჯამში, ამ ბაზარზე მინდა გითხრათ, რომ კონცენტრაციის მაჩვენებელი დაბალია, კონკურენცია მაღალია და კლინიკებს შორის ძალიან აქტიური კონკურენციაა. ამას ჩვენს ანგარიშში ძალიან კარგად წარმოვადგენთ.
დავხურავთ ასევე პესტიციდების და აგროქიმიკატების ბაზრის მონიტორინგს. აქაც ახლა ვმუშაობთ რამდენიმე ბაზარზე, იდენტიფიცირებულია დომინანტი კომპანია და მაღალი ფასნამატი. რითი არის გამოწვეული, რომ, აი, ეგ სურათი გვქონდეს, და ალბათ რამდენიმე რეკომენდაციით შემოვიფარგლებით“, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.