GCCA-იმ აგრესიული კომერციული საქმიანობის გამო სამედიცინო ესთეტიკურ ცენტრს ჯარიმა დააკისრა
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), სამედიცინო ესთეტიკურ ცენტრს შპს “მედ სტატუსს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის - აგრესიული კომერციული საქმიანობის ფაქტი დაუდგინა. კერძოდ, საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად დადასტურდა, რომ მომხმარებლის კლინიკაში ვიზიტისას, მოვაჭრე ხელშეკრულების სწრაფად გაფორმების მიზნით, შემჭიდროებულ ვადაში, ინტენსიურად ცდილობდა მომხმარებლების ნებაზე ზემოქმედებას. კერძოდ, კლინიკის თანამშრომლების დახმარებით, მომხმარებლებს აფორმებინებდნენ სესხის ხელშეკრულებებს მომსახურების ღირებულების გადახდის მიზნით, ისე რომ მათ არ ჰქონდათ სათანადო ინფორმაცია და ასევე თავისუფალი არჩევანი გადაწყვეტილების მიღებისას.
GCCA-ის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მოვაჭრე მომხმარებლის ნებაზე არასათანადოდ ზემოქმედებდა. კანონმდებლობის შესაბამისად, არასათანადო ზემოქმედებად განიხილება ყველა ქმედება, რომელიც არ არის დაკავშირებული იძულებასთან ან მუქარასთან, თუმცა, ზღუდავს მომხმარებლის უნარს მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება, რაც თავის მხრივ, მომხმარებლის ლეგიტიმურ უფლებას წარმოადგენს. შესაბამისად, 1 თვის ვადაში, მოვაჭრეს დაევალა - მომხმარებელთა დარღვეული უფლებების აღდგენა და თავისი სავაჭრო პოლიტიკის კანონის მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც არ შესრულდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შპს „მედ სტატუსი“ 6576 ლარი და 43 თეთრით დაჯარიმდა.
ინფორმაციისთვის: კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის, წლიური ბრუნვის 2%-ს. 12 თვის განმავლობაში, მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას. სააგენტოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.