GCCA-ის მიერ დაკისრებული ფინანსური სანქციის შემდეგ, შპს „ისურვემ“ 182 მომხმარებელს დარღვეული უფლებები სრულად აღუდგინა
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ განხორციელებული სამართლებრივი რეაგირებისა და დაკისრებული ფინანსური სანქციის შედეგად, შპს „ისურვემ" 182 მომხმარებელს დარღვეული უფლებები სრულად აღუდგინა.
სააგენტოს მიერ საქმის შესწავლის შედეგად, მიმდინარე წლის 24 აპრილს შპს „ისურვეს" დაუდასტურდა უსამართლო კომერციული საქმიანობისა და „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი. აღნიშნულის საფუძველზე, მოვაჭრეს დაევალა კანონდარღვევის აღმოფხვრა და მომხმარებელთა დარღვეული უფლებების აღდგენა.
ვინაიდან მოვაჭრემ დაკისრებული ვალდებულებები დადგენილ ვადაში არ შეასრულა, სააგენტომ მის მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქცია გამოიყენა და 115 396 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
2026 წლის 19 ივნისს შპს „ისურვეს" ხელმეორედ დაუდასტურდა კანონდარღვევის ფაქტი, რის საფუძველზეც მოვაჭრეს კვლავ დაევალა სავაჭრო პოლიტიკის კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა და მომხმარებელთა დარღვეული უფლებების აღდგენა.
კანონის თანახმად, მოვაჭრის მიერ დარღვევის 12 თვის განმავლობაში განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, მას უკვე დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობის სანქცია ეკისრება. შესაბამისად, ვალდებულებების კვლავ შეუსრულებლობისა და დარღვევის გაგრძელების შემთხვევაში, შპს „ისურვეს" გაორმაგებული ფინანსური სანქციის დაკისრება ემუქრებოდა.
მოვაჭრის მიერ ვალდებულებების შესრულება გულისხმობდა მომხმარებლებისთვის თანხის დაბრუნებასა და შეძენილი ამანათების ჩაბარებას. სააგენტომ თითოეულ მომხმარებელთან ინდივიდუალური კომუნიკაციის საფუძველზე გადაამოწმა და დაადასტურა, რომ მოვაჭრემ მათი დარღვეული უფლებები აღადგინა.
შესაბამისად, შპს „ისურვეს" მიერ სააგენტოს გადაწყვეტილებებით დაკისრებული ვალდებულებები სრულად შესრულდა.
სხვა სიახლეები
2027 წლის პირველი აპრილი ბიზნეს სუბიექტების ხელახალი რეგისტრაციის ბოლო ვადაა - თამარ ზოდელავა
09.11.2026.15:40
2027 წლის პირველი აპრილი არის ბოლო ვადა, რათა ბიზნეს სუბიექტებმა შესაბამისობაში მოიყვანონ მონაცემები და გაიარონ ე.წ. ხელახალი რეგისტრაცია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თამარ ზოდელავამ, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ბიზნესინსაიდერი“ განაცხადა.
თამარ ზოდელავამ განმარტა ის პროცედურები, რომლებიც ბიზნეს სუბიექტებმა ხელახალი რეგისტრაციისთვის უნდა გაიარონ.
„მოგეხსენებათ, რომ იმ მეწარმეებს, რომლებმაც 2026 წლის პირველ აპრილამდე არ გაიარეს ე.წ. ხელახალი რეგისტრაცია, შეუჩერდათ სტატუსი. შეჩერებული სტატუსი ჯერ კიდევ არ ნიშნავს გაუქმებას. ეს არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ბიზნესსუბიექტები ვერ ახერხებენ ამონაწერის მიღებას, არ აქვთ წვდომა საბანკო პროდუქტებზე, ვერ ახორციელებენ საგადასახადო ტრანზაქციებს და ა.შ.
იმისთვის, რომ მათ ყველა ამ სერვისზე წვდომა აღუდგეთ, საჭიროა, შესაბამისობაში მოიყვანონ თავიანთი სარეგისტრაციო მონაცემები.
მეწარმეებს ხელახალი რეგისტრაციის გასავლელად 2027 წლის პირველ იანვრამდე აქვთ ვადა. თუმცა, თუ ამ დროისთვისაც არ გაივლიან რეგისტრაციას, 2027 წლის პირველ იანვარს მათ გაეგზავნებათ შეტყობინებები და კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე 2027 წლის პირველ აპრილამდე, მიეცემათ ვადა ხელახალი რეგისტრაციის გასავლელად.
2027 წლის პირველ აპრილს გაუქმდება ყველა ის ბიზნეს სუბიექტი, რომელსაც ხელახალი რეგისტრაცია არ ექნება გავლილი. სახელმწიფოს კი ექნება აქტუალური და სანდო მონაცემები ყველა იმ მეწარმის შესახებ, რომელიც აქტიურად ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თამარ ზოდელავამ, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ბიზნესინსაიდერი“.