საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ „თამოსკინი" 600 ლარით დააჯარიმა
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „თამოსკინი“ 600 ლარით დააჯარიმა.
სააგენტომ საქმის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ მოვაჭრემ დაარღვია „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი. მიღებული გადაწყვეტილებით, შპს „თამოსკინს“ დაევალა, ერთი თვის ვადაში სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოეყვანა და მომხმარებლის დარღვეული უფლება აღედგინა.
მოვაჭრემ სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებები განსაზღვრულ ვადაში არ შეასრულა, რის გამოც მის მიმართ კანონით გათვალისწინებული სანქცია იქნა გამოყენებული.
ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას სააგენტომ გაითვალისწინა მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვა, რომლის საფუძველზეც გაანგარიშებული ჯარიმის ოდენობამ 3 ლარი შეადგინა.
კანონმდებლობის თანახმად, ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2 პროცენტს და, ამასთან, არ უნდა იყოს 600 ლარზე ნაკლები. შესაბამისად, შპს „თამოსკინისთვის“ დასაკისრებელი ჯარიმის ოდენობა 600 ლარით განისაზღვრა.
ჯარიმის დაკისრება შპს „თამოსკინს“ სააგენტოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისგან არ ათავისუფლებს.
სხვა სიახლეები
ჩვენი მიზანია, ქართული სტარტაპების საერთაშორისო კავშირები რეალურ ბიზნესშედეგებად ვაქციოთ - ავთანდილ კასრაძე
30.10.2026.09:12
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ, სინგაპურში, საერთაშორისო ტექნოლოგიური ფორუმის SWITCH Singapore 2026-ის (სინგაპურის ინოვაციების და ტექნოლოგიების კვირეული) ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში - „ინოვაციების გზაჯვარედინზე: რატომ ირჩევენ საერთაშორისო სტარტაპები საქართველოს“ -საქართველოს საინვესტიციო და ტექნოლოგიურ გარემოზე, სტარტაპების მხარდაჭერის სახელმწიფო მექანიზმებსა და საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოების შესაძლებლობებზე ისაუბრა.
ავთანდილ კასრაძის განცხადებით, საქართველოს უპირატესობას ქმნის კვალიფიციური ტექნოლოგიური კადრები, ბიზნესის დაწყების გამარტივებული პროცედურები, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა და სტარტაპების განვითარების მხარდამჭერი პროგრამები. ამასთან, ინოვაციური სტარტაპის სტატუსი კომპანიებს საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განვითარების საწყის ეტაპზე კვალიფიციური კადრების მოსაზიდად.
სააგენტოს თავმჯდომარემ სტარტაპების მხარდაჭერის მიმართულებით აქსელერაციის პროგრამის მნიშვნელობაზეც ისაუბრა, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების გამოცდილებასა და სახელმწიფო მხარდაჭერას აერთიანებს.
“საქართველოში უკვე 170-ზე მეტი საერთაშორისო IT კომპანია საქმიანობს, ხოლო 52 000-ზე მეტი ტექნოლოგიური სფეროს უცხოელი სპეციალისტი ქვეყანაში ცხოვრობს და მუშაობს. საქართველოს ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში საერთაშორისო პროფესიონალების მოზიდვას ხელს უწყობს IT სპეციალისტებისთვის განკუთვნილი ბინადრობის ნებართვის სპეციალური მექანიზმიც.” - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.
პანელური დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ქართული სტარტაპების საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა იყო. ავთანდილ კასრაძემ ამ მიმართულებით Pulsar AI-ის მაგალითი მოიყვანა. თბილისში დაფუძნებულმა გუნდმა საავტომობილო დილერებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია შექმნა, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერა მიიღო და 2021 წელს ამერიკულმა კომპანიამ SpinCar-მა შეიძინა, რომელიც დღეს Impel-ის სახელით ოპერირებს.
„ჩემი შეთავაზებაა, თანამშრომლობა კონკრეტული კომპანიებისა და მათი ბიზნესსაჭიროებების ირგვლივ დავიწყოთ. დავაკავშიროთ შესაბამისი სტარტაპები კორპორაციულ პარტნიორებთან, გამოვცადოთ კონკრეტული ტექნოლოგიური გადაწყვეტები და მიღებული შედეგების საფუძველზე განვავითაროთ თანამშრომლობა. ჩვენი თანამშრომლობის მიზანი უნდა იყოს ქართული სტარტაპებისთვის საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის რეალურ ბიზნესშესაძლებლობებად გარდაქმნა“, -განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.
სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიზანია, კიდევ უფრო გააძლიეროს ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემა, მოიზიდოს საერთაშორისო კომპანიები და პროფესიონალები და ხელი შეუწყოს ქართული სტარტაპების გლობალურ ბაზრებზე ინტეგრაციას.
SWITCH Singapore 2026 საერთაშორისო ტექნოლოგიური ფორუმია, რომელიც სტარტაპებს, ინვესტორებს, ტექნოლოგიურ კომპანიებსა და ეკოსისტემის წარმომადგენლებს საერთაშორისო თანამშრომლობისა და ახალი ბიზნესკავშირების დამყარების შესაძლებლობას აძლევს.