GCCA-მა „ხეირი ნახე“ სააგენტოს გადაწყვეტილების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, საქმის შესწავლის შედეგად, ი/მ ნიკოლოზ ჩახაიას („ხეირი ნახე“) „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინა.
საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მოვაჭრე სისტემატურად არღვევდა მომხმარებლების მიერ შეძენილი საქონლის მიწოდების ვადებს, ხოლო შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში, მომხმარებლებისთვის თანხის დაბრუნებას არაგონივრული ვადით აგვიანებდა.
გარდა ამისა, დარღვევა გამოიკვეთა ხელშეკრულებით შეთანხმებული საქონლის მიწოდების ნაწილშიც. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვაჭრის ქმედება სააგენტოს მიერ შეფასდა, როგორც მოქმედებით გამოხატული შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობა, რაც ეწინააღმდეგება სამართლიანი ვაჭრობის პრინციპებს და არსებითად აზიანებს მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესებს.
სააგენტოს გადაწყვეტილებით, ი/მ ნიკოლოზ ჩახაიას დაევალა, 1 თვის ვადაში სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებთან შეესაბამებინა და აღედგინა მომხმარებელთა დარღვეული უფლებები. დაკისრებული ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის გამო, მოვაჭრე 1 374 ლარით დაჯარიმდა.
ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულებისა და მომხმარებელთა დარღვეული უფლებების აღდგენის ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს.
სხვა სიახლეები
2027 წლის პირველი აპრილი ბიზნეს სუბიექტების ხელახალი რეგისტრაციის ბოლო ვადაა - თამარ ზოდელავა
09.11.2026.15:40
2027 წლის პირველი აპრილი არის ბოლო ვადა, რათა ბიზნეს სუბიექტებმა შესაბამისობაში მოიყვანონ მონაცემები და გაიარონ ე.წ. ხელახალი რეგისტრაცია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თამარ ზოდელავამ, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ბიზნესინსაიდერი“ განაცხადა.
თამარ ზოდელავამ განმარტა ის პროცედურები, რომლებიც ბიზნეს სუბიექტებმა ხელახალი რეგისტრაციისთვის უნდა გაიარონ.
„მოგეხსენებათ, რომ იმ მეწარმეებს, რომლებმაც 2026 წლის პირველ აპრილამდე არ გაიარეს ე.წ. ხელახალი რეგისტრაცია, შეუჩერდათ სტატუსი. შეჩერებული სტატუსი ჯერ კიდევ არ ნიშნავს გაუქმებას. ეს არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ბიზნესსუბიექტები ვერ ახერხებენ ამონაწერის მიღებას, არ აქვთ წვდომა საბანკო პროდუქტებზე, ვერ ახორციელებენ საგადასახადო ტრანზაქციებს და ა.შ.
იმისთვის, რომ მათ ყველა ამ სერვისზე წვდომა აღუდგეთ, საჭიროა, შესაბამისობაში მოიყვანონ თავიანთი სარეგისტრაციო მონაცემები.
მეწარმეებს ხელახალი რეგისტრაციის გასავლელად 2027 წლის პირველ იანვრამდე აქვთ ვადა. თუმცა, თუ ამ დროისთვისაც არ გაივლიან რეგისტრაციას, 2027 წლის პირველ იანვარს მათ გაეგზავნებათ შეტყობინებები და კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე 2027 წლის პირველ აპრილამდე, მიეცემათ ვადა ხელახალი რეგისტრაციის გასავლელად.
2027 წლის პირველ აპრილს გაუქმდება ყველა ის ბიზნეს სუბიექტი, რომელსაც ხელახალი რეგისტრაცია არ ექნება გავლილი. სახელმწიფოს კი ექნება აქტუალური და სანდო მონაცემები ყველა იმ მეწარმის შესახებ, რომელიც აქტიურად ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თამარ ზოდელავამ, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ბიზნესინსაიდერი“.