GCCA-მა საერთაშორისო კომპანიების კონცენტრაციაზე, რომელსაც ადგილობრივ ბაზარზე გავლენა ჰქონდა, თანხმობა გასცა
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) დაასრულა საქმის განხილვა და თანხმობა გასცა წამყვანი ამერიკული გლობალური საინვესტიციო კომპანიის „ბეინ კაპიტალ ინვესტორსის“ მიერ, გერმანული ავტოგიგანტის, „ფოლკსვაგენის“ (Volkswagen AG), შვილობილ კომპანიაში - ევროპულ სააქციო საზოგადოება „ევერლენს სე“-ში - აქციების არაპირდაპირ შეძენაზე. სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული კონცენტრაცია ბაზარზე არსებით გავლენას არ ახდენს და კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია.
სააგენტოს მიერ შესწავლილი ინფორმაციისა და შესაბამისი ანალიზის საფუძველზე, დადგინდა, რომ ტრანზაქცია წარმოადგენს კონგლომერატულ კონცენტრაციას, რაც გულისხმობს, რომ შპს „ბეინ კაპიტალ ინვესტორსსა“ და „ევერლენს სე“-ს შორის ჰორიზონტალური გადაფარვა არ წარმოიშობა და არ იცვლება კონცენტრაციის დონე.
სააგენტოს თანახმად, განსახორციელებელი კონცენტრაცია არ ზრდის მხარეთა შესაძლებლობას, ერთი ბაზრიდან მეორეზე ძლიერი საბაზრო პოზიციის გადატანით ჩაერთონ ისეთ წვდომის შეზღვუდვის მიზნის მქონე პრაქტიკებში, რამაც შესაძლოა კონკურენტების ბაზრიდან განდევნა გამოიწვიოს. შესაბამისად, კონცენტრაციის შედეგად - კონკურენტებისთვის, მომხმარებლებისა და მიმწოდებლებისთვის ბაზარზე წვდომის შეზღუდვა მოსალოდნელი არ არის და გარიგება კონკურენციის შეზღუდვას არ გამოიწვევს.
შპს „ბეინ კაპიტალ ინვესტორსი“ მართავს ასობით მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივებს სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა კერძო კაპიტალი, ვენჩურული ინვესტიციები, კრედიტები და უძრავი ქონება. კომპანია ინვესტიციებს ახორციელებს ინდუსტრიულ სექტორებშიც.
„ევერლენს სე“ (Everllence SE) წარმოადგენს Volkswagen Group-ის შვილობილ - მსხვილ გერმანულ საინჟინრო კომპანიას, რომელიც საქმიანობს სამრეწველო და ენერგეტიკული სექტორების მიმართულებით, კერძოდ, ქმნის საზღვაო და სტაციონარულ ძრავებს, კომპრესორებს, ტურბინებსა და მძიმე ინდუსტრიისთვის დეკარბონიზაციის ტექნოლოგიებს.
კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ქვეყნის გარეთ განხორციელებული კონცენტრაცია იმ შემთხვევაში ექვემდებარება სააგენტოსთან წინასწარ შეტყობინებას, როდესაც მას ქვეყნის შიდა ბაზარზე გავლენა გააჩნია.
ინფორმაციისთვის: GCCA-ს წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ჯამური ერთობლივი შემოსავალი, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მილიონ ლარზე მეტია. GCCA-ის გვერდის ავლით, მის მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი ჯარიმდება.
2026 წელს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) თანხმობა გასცა 12 კონცენტრაციაზე.
სხვა სიახლეები
სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის მე-3 მონაკვეთზე მოძრაობა დაგეგმილზე ადრე აღდგა
24.09.2026.14:28
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2026 წლის 22 სექტემბრიდან, სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის კმ30-კმ42 მონაკვეთზე (ლოტი 3), ხიდებთან მისასვლელებზე გამოვლენილი ლოკალური დეფორმაციების აღმოსაფხვრელად, კონტრაქტორი კომპანიის ხარჯით გზის საფარის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობდა.
სამუშაოების უსაფრთხოდ და ტექნოლოგიური მოთხოვნების დაცვით შესრულების მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო.
სამუშაოები 24 საათის განმავლობაში, ინეტსნიურად მიმდინარეობდა, რის შედეგადაც მოძრაობის აღდგენა დაგეგმილზე ადრე გახდა შესაძლლებელი და სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის კმ30-კმ42 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაგეგმილზე ერთი დღით ადრე აღდგა.
ამ ეტაპზე სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის მესამე მონაკვეთზე მოძრაობა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის აღდგენილია.