GCCA-მ შპს „სმარტლი“, რომელიც საქართველოში Bolt-ის ტაქსის მომსახურების პლატფორმის ოპერირებას უზრუნველყოფს 59 871 ლარით დააჯარიმა
GCCA-მა შპს „სმარტლი“, რომელიც საქართველოში Bolt-ის ტაქსის მომსახურების პლატფორმის ოპერირებას უზრუნველყოფს, სააგენტოს გადაწყვეტილების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის გამო, 59 871 ლარით დააჯარიმა.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „სმარტლი“, რომელიც საქართველოში Bolt-ის ტაქსის მომსახურების პლატფორმის ოპერირებას უზრუნველყოფს, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის გამო, 59 871 ლარით დააჯარიმა.
GCCA-ის მიერ ჩატარებული საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შპს „სმარტლის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევას. კერძოდ, პლატფორმაზე მომხმარებლებს კანონით სავალდებულო ინფორმაცია სრულად არ მიეწოდებოდათ, მათ შორის, ჯეროვნად არ იყო წარმოდგენილი ინფორმაცია მოვაჭრის ვინაობისა და საკონტაქტო მონაცემების შესახებ.
ამასთან, სააგენტომ უსამართლოდ მიიჩნია კომპანიის სტანდარტული პირობები, რომლებიც მომხმარებლის მიმართ მოვაჭრის პასუხისმგებლობას ზღუდავდა და აღნიშნულ პასუხისმგებლობას მძღოლს აკისრებდა. სააგენტოს შეფასებით, მომხმარებლის უფლებების დარღვევის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი თავად მოვაჭრეა.
GCCA-ის გადაწყვეტილებით, შპს „სმარტლს“ დაევალა დარღვევების აღმოფხვრა, საქმიანობის კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა და მომხმარებელთა დარღვეული უფლებების აღდგენა, რაც კომპანიამ დადგენილ ვადაში არ შეასრულა.
კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-ს.
ჯარიმის დაკისრება შპს „სმარტლს“ არ ათავისუფლებს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულებისა და მომხმარებელთა დარღვეული უფლებების აღდგენის ვალდებულებისგან.
ვრცლად იხ: https://shorturl.at/3YZWl
სხვა სიახლეები
ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის მშენებლობა დაიწყო
12.08.2026.10:52
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე ეროვნული გენეტიკური ბანკის მშენებლობა დაიწყო.
ეროვნული გენეტიკური ბანკის შექმნა საქართველოში მცენარეთა გენეტიკური რესურსების დაცვისა და შენარჩუნების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
საქართველო აგრობიომრავალფეროვნებით მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა და ქართული ვაზი, ხორბალი, ხეხილი და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურები უნიკალურ გენეტიკურ რესურსს წარმოადგენს, რომლის დაცვა კლიმატის ცვლილებისა და გლობალური სასურსათო გამოწვევების პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
ეროვნული გენეტიკური ბანკი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურა იქნება, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ქართული და მსოფლიო მნიშვნელობის მცენარეთა გენეტიკური რესურსების საშუალო და გრძელვადიანი შენახვა, კონსერვაცია და კვლევა.
პროექტი მნიშვნელოვნად გააძლიერებს ქვეყნის შესაძლებლობებს აგრობიომრავალფეროვნების დაცვისა და სასურსათო უსაფრთხოების მიმართულებით, ასევე კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს პოზიციას მცენარეთა გენეტიკური რესურსების კონსერვაციის საერთაშორისო ქსელში.