GCCA-მა USA2Georgia-ს მომხმარებელთან მხოლოდ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული, არაეფექტიანი კომუნიკაციის გამო დარღვევა დაუდგინა
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ სს „თითიელ აშშ ჯგუფის" (USA2Georgia) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა.
საქმე ეხებოდა საზღვარგარეთიდან ამანათების ტრანსპორტირების მომსახურებას. მომხმარებლის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ამანათების ტრანსპორტირებისა და ლოქერში განთავსების საფასური სრულად ჰქონდა გადახდილი, ამანათების მიღებას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვერ ახერხებდა.
სააგენტოს მიერ საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებელი კომპანიისგან შესაბამისი ინფორმაციის მიღებასა და პრობლემის მოგვარებას ცდილობდა, თუმცა მას მხოლოდ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ასისტენტი პასუხობდა, რომელიც განმეორებით აწვდიდა ერთსა და იმავე ავტომატიზებულ პასუხს. ამასთან, სისტემა ვერ უზრუნველყოფდა მომხმარებლის საკითხის ინდივიდუალურ განხილვას და მას არც კომპანიის წარმომადგენელთან აკავშირებდა.
GCCA-ის განმარტებით, ხელოვნური ინტელექტისა და სხვა ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება მოვაჭრეს არ ათავისუფლებს მომხმარებლის წინაშე კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისგან. მოვაჭრე ვალდებულია, მომხმარებელს შეუქმნას კომპანიასთან ეფექტიანი და შეუფერხებელი კომუნიკაციის შესაძლებლობა.
ამასთან, სააგენტოს შეფასებით, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სისტემა არ უნდა წარმოადგენდეს მომხმარებელთან კომუნიკაციის ერთადერთ საშუალებას იმ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელი ვერ იღებს მის საკითხზე კონკრეტულ პასუხს და ვერ უკავშირდება კომპანიის წარმომადგენელს. მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, მოვაჭრემ უნდა უზრუნველყოს მისი დაკავშირება რეალურ წარმომადგენელთან, რომელიც საკითხს ინდივიდუალურად და კომპეტენტურად განიხილავს.
GCCA-ის გადაწყვეტილებით, დარღვევის აღმოფხვრის მიზნით, სს „თითიელ აშშ ჯგუფს" დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებელთა დარღვეული უფლებები და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.
კანონის თანახმად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს შეიძლება დაეკისროს ჯარიმა წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის არაუმეტეს 2 პროცენტის ოდენობით. 12 თვის განმავლობაში განმეორებითი დარღვევა დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას გამოიწვევს.
სხვა სიახლეები
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სრულმასშტაბიანი გეგმური სწავლება გაიმართა
29.07.2026.13:18
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში სრულმასშტაბიანი გეგმური სწავლება გაიმართა, რომელშიც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესაბამის სამსახურებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს შპს „საქაერონავიგაციის“, იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის განაღმვის სამსახურის, ქუთაისის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების რეგიონული ცენტრისა და სხვა ჩართული უწყებების წარმომადგენლებმა.შპს „საქაერონავიგაციამ“, იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარმა სამმართველომ, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის განაღმვის სამსახურმა, ქუთაისის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების რეგიონულმა ცენტრმა და სხვა ჩართულმა უწყებებმა.
სწავლება ორ დამოუკიდებელ სცენარს მოიცავდა: ფრენის უსაფრთხოების (Safety) და საავიაციო უშიშროების (Security) მიმართულებით.
პირველი სცენარის ფარგლებში იმიტირებული იყო საჰაერო ხომალდის ავარიული დაშვება. სცენარის მიხედვით, აეროპორტში გამოცხადდა საერთო განგაში, შეიკრიბა საავარიო-ოპერატიული შტაბი, აეროპორტი საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადავიდა და განხორციელდა საავარიო-სამაშველო ღონისძიებები, მათ შორის ხანძრის ლიკვიდაცია და მგზავრთა ევაკუაცია.
მეორე სცენარის მიხედვით, აეროპორტის მიწისზედა ობიექტზე ფეთქებადი მოწყობილობის გამოყენების შესახებ მუქარის შემცველი შეტყობინება შევიდა. შესაბამისი პროცედურების ამოქმედების შემდეგ ჩართულმა უწყებებმა განახორციელეს საფრთხის შეფასება, ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ადამიანების ევაკუაცია, ობიექტის შემოწმება და ასაფეთქებელი მოწყობილობის აღმოჩენა-განეიტრალების ღონისძიებები.
სწავლების დასრულების შემდეგ გაიმართა საავარიო-ოპერატიული ცენტრი შემაჯამებელი შეხვედრა, სადაც მონაწილეებმა შეაფასეს რეაგირების ეფექტიანობა, უწყებათაშორისი კოორდინაცია და მოქმედი საგანგებო გეგმების პრაქტიკული შესრულება.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დირექტორის, გაგა სანიკიძის, განცხადებით, სწავლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აეროპორტში მოქმედი სამსახურები საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისთვის სრულ მზადყოფნაში არიან.
„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სრულმასშტაბიანი გეგმური სწავლება წარმატებით ჩატარდა. მსგავსი სწავლებები მნიშვნელოვანია, რადგან გვაძლევს შესაძლებლობას პრაქტიკაში შევამოწმოთ ჩვენი მზადყოფნა და სხვადასხვა უწყებასთან კოორდინირებული მუშაობა. შედეგებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში ჩართული სამსახურები მზად არიან ეფექტიანი რეაგირებისთვის. მადლობას ვუხდი სწავლების თითოეულ მონაწილეს პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობისა და მაღალი ჩართულობისთვის. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია მგზავრებისა და აეროპორტის თანამშრომლების უსაფრთხოება, ამიტომ მსგავსი სწავლებები მომავალშიც რეგულარულად გაგრძელდება“,-განაცხადა გაგა სანიკიძემ.
სრულმასშტაბიანი სწავლების მიზანი იყო აეროპორტში საგანგებო სიტუაციის დროს ჩართული ორგანიზაციებისა და სამსახურების კოორდინირებული და ეფექტიანი მოქმედების შეფასება, რეაგირების დროის განსაზღვრა, საგანგებო გეგმებისა და პროცედურების პრაქტიკული შემოწმება, ასევე სხვადასხვა უწყებას შორის თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაცვლის მექანიზმების კიდევ უფრო დახვეწა.
მსგავსი სრულმასშტაბიანი სწავლებები საქართველოს აეროპორტებში საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) მოთხოვნების შესაბამისად პერიოდულად ტარდება, რაც უზრუნველყოფს აეროპორტების მზადყოფნის მუდმივ შეფასებას და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების პროცედურების პრაქტიკულ შემოწმებას.