გელათის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს საპატრიარქო განახორციელებს
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც Business Insider Georgia უცვლელად გთავაზობთ:
,,გვსურს საზოგადოებას ვაუწყოთ, რომ 2023 წლის 24 თებერვლის შეთანხმების საფუძველზე, დღეს, საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლითაც გელათის სარეაბილიტაციო, სარესტავრაციო, საკონსერვაციო და სხვა საჭირო სამუშაოებს საქართველოს საპატრიარქო განახორციელებს.
საქართველოს საპატრიარქო მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მოთხოვნის და ICOMOS/ICCROM -ის სპეციალისტთა რეკომენდაციების თანახმად(2022 წლის 28 ნოემბერიდან 2 დეკემბრამდე განხორციელებული მისიის ანგარიში) უპირობოდ აპირებს შექმნას გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი სადაც ქართველი და საერთაშორისო დონის მოწვეული უცხოელი მეცნიერები ერთმანეთთან ითანამშრომლებენ გელათის საუკეთესო ინტერესების მისაღწევად. გადაიხედება და განახლდება გენერალური/მართვის გეგმა. შეიქმნება კონსერვაციის ახალი და მაღალი სტანდარტის საბაზისო დოკუმენტი, რომელიც დაფუძნებული იქნება დეტალურ და სიღრმისეულ კვლევებზე. გელათის ტაძრების მხატვრობის და უპირველეს ყოვლისა ღმრთისმშობლის შობის ტაძრის მხატვრობის გადაუდებელი მდგომარეობის გამო, ორშაბათს, 10 აპრილს, გაემგზავრება მხატვრობის კონსერვაციის სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც დაიწყებს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის, ICOMOS/ICCROM -ის პირველი რეკომენდაციის შესრულებას,- ტაძრის მხატვრობის გრაფიკული სქემების შექმნას.
საქართველოს საპატრიარქო შექმნის გელათის სპეციალურ ვებ-გვერდს სადაც საზოგადოებას მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას, რათა მოქალაქეებს არ შეექმნათ განცდა, რომ ძეგლის მიმართ არ ხორციელდება ყველა დროული და საჭირო ღონისძიება, ხოლო მათ მიმართ არ გაგვაჩნია შესაბამისი პატივისცემა'' .
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.