ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, ამ დროს განსაკუთრებით რთულია სიტყვების პოვნა ოჯახების სანუგეშოდ, ვინაიდან ენით აღუწერელია ტკივილი, რასაც ისინი განიცდიან - ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები
ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამენ და დაღუპულების ოჯახებს, ახლობლებს და სრულიად საზოგადოებას უსამძიმრებენ.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ორი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დროს განსაკუთრებით რთულია სიტყვების პოვნა ოჯახების სანუგეშოდ, ვინაიდან ენით აღუწერელია ტკივილი, რასაც ისინი განიცდიან. მთელი გულით ვუსამძიმრებთ და გულწრფელ თანადგომას ვუცხადებთ უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული პატარების ოჯახებს, ახლობლებს, მთლიანად აჭარის რეგიონს და ამ დიდი ტრაგედიით შეძრულ ჩვენს საზოგადოებას“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.
სხვა სიახლეები
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 133-ე შეხვედრა ჩატარდა
23.07.2026.18:10
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 133-ე შეხვედრა ჩატარდა.
შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კვლავ მკაცრად დააყენეს საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლის/წარმომადგენლების პასუხისგებაში მიცემისა და სამართლის აღსრულების საკითხი.
ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია.
განხილვის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვას და ე.წ. გადასასვლელ პუნქტებზე არსებულ რეჟიმს.
ამასთან, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის მზარდი ტენდენცია.
ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მკაცრად მოითხოვეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლება.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრის თარიღად 2026 წლის 8 სექტემბერი განისაზღვრა.