ღვარცოფსაშიშ ზონებში სასტუმროების და კოტეჯების მშენებლობა დაუშვებელი იყო - გეოლოგი
შოვში მომხდარმა ტრაგედიამ საზოგადოებას გაუჩინა კითხვა, რამდენად დასაშვები იყო ღვარცოფსაშიშ ზონაში სასტუმროების და კოტეჯების მშენებლობა. გეოლოგი ტარიელ ტუსკია Business Insider Georgia- თან აცხადებს, რომ არ შეიძლებოდა.
მეტიც, გეოლოგი საეჭვოდ მიიჩნევს, რომ შესაძლოა ობიექტების ნაწილი გეოლოგიური დასკვნის გარეშე შენდებოდეს, ვინაიდან ყველა ასეთ შემთხვევაში, თუკი რეალური დასკვნა დაიდება, შეუძლებელია ინფრასტრუქტურის განთავსებაზე სპეციალისტმა თანხმობა გასცეს.
,,კითხვას, რამდენად დასაშვები იყო ღვარცოფული მდინარის ნაპირზე ინფრასტრუქტურის მშენებლობა, პასუხი სტიქიამ გასცა. ცხადია, არ არის დასაშვები, ბიზნესი თვითონაც დაზარალდა და ვერც მსხვერპლიც ავიცილეთ, დიდი ტრაგედია მოხდა. გლობალური დათბობის ფონზე ბუნება აგრესიული გახდა და ადამიანებს ბევრი დაკვირვება მართებთ. თავიდან უნდა შესწავლილიყო ტერიტორია გეოლოგიურად და დადებულიყო რეალური კვლევა. საქართველოს მთიან რეგიონებში ბევრი ღვარცოფული მდინარეა. წესით და რიგით, მშენებლობა იქ არ უნდა დაეშვათ", - აცხადებს გეოლოგი და დასძენს, რომ მომხდარის გათვალისწინებით, აუცილებელია ყველა მსგავს ობიექტზე, მეწყერსაშიშ ზონებში მოხდეს ტერიტორიის ხელახალი შესწავლა, ხოლო სამომავლოდ მშენებლობის ნებართვის საკითხი გამკაცრდეს.
,,შემოწმება უნდა ჩატარდეს, სადაც ღვარცოფის საფრთხეა, საცხოვრებელი სახლის, კოტეჯის და სასტუმროს დადგმა წინასწარვე კონტროლს უნდა დაექვემდებაროს. ამისთვის გეოლოგიური კვლევა არსებობს. უნდა დაზუსტდეს, რამდენად უსაფრთხოა ადგილი ინფრასტრუქტურის განსათავსებლად. ვნახეთ, რომ შოვში მრავალი კოტეჯი განადგურდა და ადამიანები დაიღუპნენ. დროულად რომ მიგვეღო ზომები, ამ ტრაგედიის აცილება შეიძლებოდა", - აცხადებს ტარიელ ტუსკია Business Insider Georgia- თან.
შეგახსენებთ, რომ შოვში ტრაგედია მოხდა. მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, 7 პირის ცხედარია ნაპოვნი. 200-ზე მეტი ადამიანი სტიქიის ზონიდან გამოიყვანეს და სხვადასხვა უსაფრთხო ტერიტორიაზე მოათავსეს.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.