ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის წარდგენა ლონდონის ღვინის ფესტივალზე გაიმართა
დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის ,,Swirl Wine Group“ ორგანიზებით, ქართული ღვინის წარდგენა ლონდონში, ფესტივალზე „The Ultimate CEE Wine Fair“ გაიმართა.
ფესტივალი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მეღვინეებს აერთიანებს. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინის მწარმოებელი 20-მდე კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინო.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის მასტერკლასიც, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ქართული ღვინოები. მასტერკლასს მედიის, კომერციული და HoReCa სექტორის 40-მდე წარმომადგენელი დაესწრო.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფით, 2026 წელს დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის მარკეტინგულ კომპანიას „Swirl Wine Group” უძღვება. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, დეგუსტაცია-სემინარები დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ქალაქში იმართება; ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე, ხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-მაისში, საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ექსპორტირებულია 125 ათას ლიტრამდე ქართული ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 8%-ით აღემატება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს ამერიკის, ევროპის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზრებზე ახორციელებს.
სხვა სიახლეები
ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის კმ107-კმ112 მონაკვეთზე მოძრაობა 2 კვირით იზღუდება
27.10.2026.20:14
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 110-ე კმ-ზე, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, ორი კვირით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, მოძრაობა ასევე შეიზღუდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე და 112-ე კილომეტრებზე და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შემოსავლელ გზაზე გადაერთვება. დროის ამ პერიოდში, სატრანსპორტო ნაკადი ონის მიმართულებით იმოძრავებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის, ადგილობრივი მნიშვნელობის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გუფთა-ონის საავტომობილო გზების გამოყენებით და პირიქით.