ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში ამერიკელი ღვინის პროფესიონალების ტური განხორციელდა
სტუმრებს შორის იყვნენ ღვინის იმპორტიორები და ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners“ წარმომადგენლები. ტურის მიზანი აშშ-ის ბაზარზე ქართულ ღვინის ცნობადობის გაზრდის ხელშეწყობა იყო.
პროფესიონალების 13-კაციანი ჯგუფის წევრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს კახეთსა და ქართლში ესტუმრნენ, სადაც ქართული ღვინის დაყენების ისტორიას და ტრადიციებს გაეცნენ, ადგილზე დააგემოვნეს როგორც კლასიკური წესით, ასევე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ღვინოები.
ტურის ფარგლებში, თბილისში, სტუმრებისთვის გაიმართა ქართული ღვინის მასტერკლასი, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ღვინოები.
პოტენციური იმპორტიორების მოძიებისა და, შესაბამისად, ექსპორტის ზრდის შესაძლებლობის გათვალისწინებით, ქართული ღვინის წარდგენა ამერიკელი პროფესიონალების წინაშე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ბოლო წლებში განხორციელებულმა მარკეტინგულმა ღონისძიებებმა ხელი შეუწყო აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, რაც კონკრეტულ შედეგებზე აისახა. 2023 წლის 6 თვეში საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 434 ათასი ლიტრი ღვინო, ზრდა, გასული წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით 5%-ია. ამასთან, აშშ-ის ბაზარი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი სეგმენტია, სადაც ქართული ღვინის ერთი ლიტრის ფასი 6 აშშ დოლარს აღემატება.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.