ღვინის წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობის საქართველოში დამზადება, მეღვინეობის სექტორს თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობას უმარტივებს - დავით სონღულაშვილი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან ერთად ღვინის წარმოებისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის მწარმოებელი კომპანიის „გ.ბ. კონსალტინგი“ საქმიანობას და საწარმოო პროცესს გაეცნო.
შპს „გ.ბ. კონსალტინგი“ 2009 წელს დაფუძნდა და ღვინისა და სხვა ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების წარმოების სრული ციკლის დაგეგმვასა და განხორციელებაზე მუშაობს. კომპანია აწარმოებს სხვადასხვა ტიპისა და დანიშნულების უჟანგავი ფოლადის ავზებსა და ღვინის წარმოებისთვის საჭირო თანამედროვე მანქანა-დანადგარებს.
„მეღვინეობის სექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და ადგილობრივი წარმოების შესაძლებლობების გაძლიერება. ღვინის წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობის საქართველოში დამზადება, მეღვინეობის სექტორს თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობას უმარტივებს. მნიშვნელოვანია, ეს მიმართულება კიდევ უფრო განვითარდეს, რათა ქართულ მეღვინეობაში თანამედროვე სტანდარტები და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები ფართოდ დაინერგოს და ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობა საერთაშორისო ბაზრებზე კიდევ უფრო გაიზარდოს“,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
შპს „გ.ბ. კონსალტინგი“ რეგიონში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოების ტექნოლოგიების სფეროში არაერთი ევროპული მულტინაციონალური კომპანიის წარმომადგენელია. კომპანიის მიერ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ათეულობით ღვინის ქარხნის პროექტია განხორციელებული. მისი საქმიანობის ფარგლებში დამზადებულია 100 მილიონ ლიტრზე მეტი მოცულობის უჟანგავი ფოლადის ავზები-ცისტერნები, ასევე დამონტაჟებულია ყურძნის გადამმუშავებელი და ღვინის დასამუშავებელი ევროპული წარმოების მანქანა-დანადგარები და სითხის ჩამოსასხმელი ავტომატური ხაზები.
ამჟამად კომპანიაში 37 ადამიანია დასაქმებული. წარმოების პროცესში, სეზონის მიხედვით, 25 კვალიფიციური ტექნიკური პერსონალია ჩართული.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
სხვა სიახლეები
GCCA-მა შპს „ელექტრიფაი საქართველოს“ მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტი დაუდგინა
26.08.2026.11:02
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „ელექტრიფაი საქართველოს" მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადასტურა.
საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მოვაჭრემ მომხმარებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი მომსახურება არ გაუწია. კერძოდ, ელექტრომობილის დამუხტვის პროცესში წარმოშობილი სისტემური ხარვეზის გამო, დამტენმა სადგურმა არ შეწყვიტა ენერგიის მიწოდება, მიუხედავად ავტომობილის მხრიდან ნულოვანი მოთხოვნისა, რის შედეგადაც მომხმარებლის ავტომობილი დაზიანდა.
მიუხედავად ამისა, მოვაჭრემ მიყენებული ფინანსური ზიანის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა და, საკუთარი კომპანიის შიდა წესებზე დაყრდნობით, პასუხისმგებლობა მოიხსნა. საქმის წარმოების პროცესში მოვაჭრემ ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი და ვერ გააქარწყლა მომსახურების არაჯეროვანი შესრულების ვარაუდი.
გარდა ამისა, დარღვევა გამოიკვეთა კომპანიის სავაჭრო პოლიტიკასა და სტანდარტულ პირობებში. სააგენტოს შეფასებით, მოვაჭრის „გენერალური წესები და პირობები" შეიცავდა უსამართლო დებულებებს, რომლებიც კომპანიას ტექნიკური ხარვეზით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების პასუხისმგებლობისგან უსაფუძვლოდ ათავისუფლებდა.
დამატებით, დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობის ფაქტიც. კერძოდ, კომპანიის პირობები მომხმარებელს უქმნიდა მცდარ წარმოდგენას, თითქოს ნებისმიერი ტექნიკური პრობლემის შემთხვევაში, მისი გამომწვევი მიზეზის მიუხედავად, მას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება არ ჰქონდა. სააგენტოს შეფასებით, მსგავსი პრაქტიკა მომხმარებელს კანონიერი უფლებების რეალიზების შესაძლებლობას უზღუდავდა.
GCCA-ის გადაწყვეტილებით, კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „ელექტრიფაი საქართველოს" დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებლის დარღვეული უფლებები, რაც დაზიანებული დეტალების თავდაპირველ მდგომარეობაში მოყვანასა და მიყენებული ზიანის ანაზღაურებას გულისხმობს, შეწყვიტოს უსამართლო კომერციული საქმიანობა და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.
კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს შეიძლება დაეკისროს ჯარიმა წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის არაუმეტეს 2%-ის ოდენობით. 12 თვის განმავლობაში განმეორებითი დარღვევა დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას გამოიწვევს.