გიორგი ამილახვარი ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმში‘‘ მონაწილეობს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ლონდონში იმყოფება, სადაც „განათლების მსოფლიო ფორუმში‘‘ იღებს მონაწილეობას.
ღონისძიების ფარგლებში მინისტრი, პანელური დისკუსიის ფორმატში, მსოფლიოს 114 ქვეყნის განათლების მინისტრების წინაშე სიტყვით წარდგება და საქართველოს უმაღლესი განათლების განვითარების პერსპექტივებზე, ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და განათლების ხარისხზე ისაუბრებს.
გარდა ამისა, გიორგი ამილახვარი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს როგორც კოლეგა მინისტრებთან, ასევე ბრიტანული საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებთანაც სამომავლო თანამშრომლობის გზებზე იმსჯელებს.
ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმის“ მთავარ განსახილველ საკითხებს წარმოადგენს განათლების მიმართულებით არსებული გამოწვევები, მათი გადაჭრის გზები, ხელოვნური ინტელექტი და თანამედროვე ტექნოლოგიები, როგორც განათლების სფეროს განვითარების მექანიზმები. განათლების მინისტრები მსჯელობენ, თუ როგორ უნდა გამოიყენონ და დანერგონ ეფექტიანად თანამედროვე მიღწევები სწავლა-სწავლების პროცესში.
სხვა სიახლეები
სტუ-ის რექტორი გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსის ალექსანდრე ლაშხის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს
06.07.2026.18:37
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მათემატიკოსის, მეცნიერისა და პედაგოგის ალექსანდრე (სანდრო) ლაშხის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტს, კოლეგებსა და სტუდენტებს.
სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
„ბატონ სანდრო ლაშხს მრავალი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა ქართული მეცნიერების, მათემატიკური სკოლისა და უმაღლესი განათლების განვითარებაში. მისი სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობა მნიშვნელოვან კვალს დატოვებს ქართული მათემატიკისა და საუნივერსიტეტო ცხოვრების ისტორიაში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მრავალათასიანი კოლექტივის სახელით სამძიმარს ვუცხადებ ალექსანდრე ლაშხის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს, მეგობრებსა და მის სტუდენტებს.
ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სტუდენტებს.
მსუბუქი ყოფილიყოს მისთვის ქართული მიწა“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.