გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით ბათუმში რექტორთა საბჭო გაიმართა - რა განიხილეს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭო გაიმართა.
რექტორთა საბჭოში საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორები და წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
საბჭოს ფარგლებში მონაწილეებმა სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე იმსჯელეს. მათ შორის, განიხილეს შემდეგი საკითხები:
2023-2024 სასწავლო წლის შეჯამება – განხორციელებული რეფორმები და შედეგები:
სტიპენდიატთა რაოდენობისა და სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობის გაორმაგება;
სტატუსშეჩერებული სტუდენტების დავალიანების დაფარვა;
სტუდენტთა ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით გატარებული ღონისძიებები;
3-წლიანი საბაკალავრო პროგრამა;
საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა;
პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის მხარდაჭერა;
მეორე International Excellence School ბათუმში;
კონკურენტული ინოვაციების ფონდი (CIF);
უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელი;
სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილება, მათ შორის, დისტანციური სწავლების შესახებ.
ავტორიზაციასა და აკრედიტაციასთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები და მონიტორინგის შედეგები;
სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები.
საუბარი ასევე შეეხო რექტორებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლების მხრიდან დასმულ აქტუალურ საკითხებს. მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მათთვის საინტერესო თემებზე უშუალოდ მინისტრისგან მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია.
საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ მსგავს ფორმატში შეხვედრები უმნიშვნელოვანესია, როგორც უმაღლესი განათლების საფეხურზე მიმდინარე რეფორმების სრულყოფილად განხორციელებისთვის, ასევე, პროცესებში რექტორთა ჩართულობის გაძლიერების კუთხით. მათი თქმით, რექტორთა საბჭო სამინისტროსთან კოორდინირებული მუშაობის საუკეთესო შესაძლებლობას იძლევა, შესაბამისად, ამ მიმართულებით აქტიური თანამშრომლობის გაგრძელება აუცილებელია.
რექტორთა საბჭოში ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე წულაძემ, მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილმა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მინისტრის ინიციატივით, არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ეფექტიანი გადაწყვეტილებების დროულად მიღების მიზნით, რექტორთა საბჭოს ფორმატში უნივერსიტეტების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს პერმანენტული ხასიათი აქვს.
შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება და ის საქართველოს მასშტაბით ყველა ავტორიზებულ საჯარო და კერძო უნივერსიტეტში გაიმართება.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.