გიორგი ფანგანმა მონაწილეობა მიიღო ქ.ტოკიოში წყალმომარაგების შესახებ გამართულ შეხვედრაში
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა მონაწილეობა მიიღო იაპონიაში, ქ. ტოკიოში წყალმომარაგების მენეჯმენტის შესახებ საჯარო-კერძო პარტნიორობის ფარგლებში გამართულ სემინარში. კომისიის წევრმა სემინარის მონაწილეებს გააცნო საქართველოში წყალმომარაგების სექტორის რეგულირების პრინციპები და სატარიფო პოლიტიკა.
სემინარი გაიმართა საერთაშორისო წყლის მენეჯმენტის კომპანია „აქუალიასა“ და იაპონიაში ესპანეთის სამეფოს საელჩოს მასპინძლობით.
როგორც გიორგი ფანგანმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სემეკის საქმიანობაში წყალმომარაგების სექტორის ეფექტიანი რეგულირება წარმოადგენს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას:
„წყალმომარაგება წარმოადგენს კაპიტალტევად დარგს და სექტორში მომსახურების მაღალი ხარისხის სტანდარტების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ სოლიდური ინვესტირებით. დღეისათვის საქართველოს წყალმომარაგების სექტორში ოპერირებს 8 ლიცენზიატი კომპანია. სემეკის მიზანია, რომ ეფექტიანი რეგულირებით ხელი შეეწყოს წყალმომარაგების სექტორის პერმანენტულ განვითარებასა და სამართლიან სატარიფო პოლიტიკას, სადაც თანაბრად იქნება დაცული როგორც მომსახურე კომპანიის, ასევე მომხმარებლის უფლებები.
აღსანიშნავია, რომ მსხვილი ინვესტორისა და საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანიის Aqualia-ს დაინტერესება საქართველოს წყალმომარაგების სექტორით ქვეყნის გამჭვირვალე მიდგომებისა და ეფექტიანი რეგულირების დასტურია, რაც საერთაშორისო დონეზე საქართველოს პოზიციებს კიდევ უფრო აძლიერებს“, - აღნიშნა გიორგი ფანგანმა.
წყალმომარაგების მენეჯმენტის შესახებ საჯარო-კერძო პარტნიორობის ფარგლებში გამართული სემინარი მიზნად ისახავდა წყალმომარაგების სექტორში საჯარო და კერძო თანამშრომლობის წარმატებული მოდელების, რეგულირების გამოცდილებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვას. გიორგი ფანგანთან ერთად, სემინარზე სიტყვით წარდგნენ წყალმომარაგების სექტორში მოქმედი ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები.
სხვა სიახლეები
აბელ აბესაძე ჟენევაში IGF-ის 22-ე, ყოველწლიურ გენერალურ შეხვედრას დაესწრო
19.10.2026.12:54
სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი აბელ აბესაძე ჟენევაში, სამთო მრეწველობის, მინერალების, ლითონებისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე მთავრობათაშორისი ფორუმის (IGF) 22-ე, ყოველწლიურ გენერალურ შეხვედრას დაესწრო, რომელსაც 110 ქვეყნის წარმომადგენელი და 400-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა.
შეხვედრის მთავარი თემა „ნდობა ურთიერთდამოკიდებულ მსოფლიოში ინკლუზიურობისა და მდგრადობის გაძლიერება მინერალური რესურსების ღირებულებათა ჯაჭვებში“ იყო.
შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა მინერალური რესურსების მართვის ეფექტიანი მექანიზმების განვითარებაზე, კრიტიკული მინერალების ეროვნული სტრატეგიების შემუშავებაზე და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაზე, ასევე საუბარი შეეხო ადგილობრივი მოსახლეობისთვის სარგებლის სამართლიან განაწილებასა და სამთო-მოპოვებითი სექტორის მდგრად განვითარებას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობას, სამთო-მოპოვებით სექტორში გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობასა და კრიტიკული მინერალების მიწოდების ჯაჭვების მდგრადობის გაძლიერების მიზნით საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას.
ღონისძიების ფარგლებში ოფიციალურად გაიხსნა სამთო მრეწველობის, მინერალების, ლითონებისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე სამთავრობათაშორისო ფორუმის სამთო აკადემია (IGF Mining Academy), რომლის მიზანია უზრუნველყოს მინერალური რესურსების პასუხისმგებლიანი მართვის მიმართულებით ცოდნის გაზიარება და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ წევრი და დამკვირვებლის სტატუსით წარმოდგენილი ქვეყნების სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, რომლებმაც ხაზი გაუსვეს საერთაშორისო თანამშრომლობის, გამჭვირვალობის, მინერალური რესურსების ადგილობრივი გადამუშავებისა და ეკონომიკური დივერსიფიკაციის მნიშვნელობას სამთო-მოპოვებითი სექტორის მდგრადი განვითარებისთვის.