გიორგი ტყემალაძე: 9 აპრილს მოხდა ერის კონსოლიდაცია მთავარი ეროვნული იდეის - თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გარშემო
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ახვლედიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ და საკრებულოს წევრებმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და პარლამენტის შენობასთან მდებარე მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
„9 აპრილი განსაკუთრებული დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში. ამ დღეს მოხდა ერის კონსოლიდაცია მთავარი ეროვნული იდეის - თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გარშემო და ამ იდეის ხორცშესხმა შეძლო ქართველმა ხალხმა.
ეს არის, ერთი მხრივ, ტრაგიკული, მაგრამ, მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, დიდი სიხარულის დღე. ჩვენ დღეს იმ გმირების წინაშე მოვიხარეთ ქედი, რომლებიც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას შეეწირნენ. 9 აპრილი არის ერთიანობის სიმბოლო და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად იქნება ერთიანი და ძლიერი“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
9 აპრილის მოვლენებიდან 35 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიის მიერ მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევას 21 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. მომხდარიდან ორი წლის შემდეგ, 1991 წელს, 9 აპრილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოცხადდა.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.