გიორგი ტყემალაძე ბაგებში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
ვაკის რაიონში, ბაგებში მიმდინარე საგზაო სამუშაოები დასკვნით ეტაპს უახლოვდება. ამ დროისთვის მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა მიმდინარეობს. წყალმომარაგების და წყალარინების ქსელების განახლება კი უკვე დასრულებულია, რამდენიმე დღეში გაზმომარაგების და სანიაღვრე ქსელების მოწყობაც დასრულდება.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე დღეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის რაიონის მაჟორიტარი გიორგი ტყემალაძე თბილისის მერთან, კახა კალაძესთან, ერთად გაეცნო. როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, თბილისისთვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ადგილის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. მისივე თქმით, ამ დროისთვის მიმდინარეობს საჰაერო სადენების მიწისქვეშ განსათავსებლად საჭირო კაბელ-არხების მოწყობა;რამდენიმე მისამართზე კი ფერდის დამცავი კედლები განთავსდა. ამას გარდა, როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, აქტიურად მიმდინარეობს მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნების მოწყობის სამუშაოები. ბაგების კუნძულებთან და სიკო დოლიძის ქუჩიდან ახალ საავტომობილო ხიდამდე მონაკვეთში უკვე დაგებულია ასფალტის ქვედა ფენები და ამ ნაწილში ჭების ნიშნულზე მოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს.
„ეს არის ძალიან მასშტაბური და თბილისისთვის მნიშვნელოვანი პროექტი. ამ ადგილას, საკომუნიკაციო თვალსაზრისით, რთული ვითარება იყო. ამ დროისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. საკომუნიკაციო ქსელების მოწყობა დასკვნით ეტაპზეა. ამას გარდა, გაფართოვდება გზის სავალი ნაწილი, აქამდე აქ ტროტუარები საერთოდ არ არსებობდა, რაც უსაფრთხოების თვალსაზრისით პრობლემას ქმნიდა. ვფიქრობ, პროექტი ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ზოგადად, ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
აღნიშნულ მისამართზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასასრულს ასფალტის საფარის კიდევ ერთი ფენა დაიგება, მოეწყობა საფეხმავლო კუნძულები და ტროტუარები, აგრეთვე განათების სისტემა, შუქნიშნები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები. პროექტი მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები გიორგი ტყემალაძესთან და კახა კალაძესთან ერთად თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა, ვაკის რაიონის გამგებელმა დავით კვინიკაძემ და პარლამენტის წევრმა ნოდარ ტურძელაძემ დაათვალიერეს.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.