გიორგი ტყემალაძე: LED ფორუმი გვაძლევს კარგ შესაძლებლობას ვიმსჯელოთ ქალაქის განვითარების აქტუალურ საკითხებზე და საქმიან გარემოში განვიხილოთ თანამშრომლობის ინიციატივები
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე თბილისის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმის გახსნას დაესწრო. ღონისძიება სახელწოდებით „ჯანსაღი ქალაქი - მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება“ ორი დღის განმავლობაში, 6-7 ივნისს, სასტუმროში „პარაგრაფი თბილისი“ მიმდინარეობს.
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნა. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ მიმართა და აღნიშნა, რომ ღონისძიება შესაძლებლობას იძლევა, ურბანული განვითარების პერსპექტივებზე და ჯანსაღი, ეკოლოგიურად სუფთა ქალაქის მნიშვნელობაზე იმსჯელონ.
„მნიშვნელოვანია, რომ თბილისი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების უკვე მე-14 ფორუმს მასპინძლობს. LED ფორუმი გვაძლევს კარგ შესაძლებლობას ვიმსჯელოთ ქალაქის განვითარებისთვის აქტუალურ საკითხებზე და საქმიან გარემოში განვავითაროთ თანამშრომლობის ინიციატივები.
მზარდი ეკონომიკის პირობებში ჩვენი მიზანია დავაბალანსოთ კერძო და საზოგადოებრივი ინტერესები იმგვარად, რომ შევქმნათ ცხოვრებისა და საქმიანობისთვის მიმზიდველი გარემო ჩვენს ქალაქში. ჩვენი მიდგომაა, რომ არცერთი სამშენებლო პროექტი არ განხორციელდეს გარემოს დაცვის, ე.წ. „მწვანე“ სტანდარტების, გათვალისწინების გარეშე.
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით განისაზღვრა თბილისის, როგორც მწვანე ქალაქის, კონცეფცია, რაც გულისხმობს თბილისის ეკოლოგიურად სუფთა ქალაქად გადაქცევას. ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით ამ გეგმას და ვიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს.
მზარდი ურბანიზაციის პირობებში თვითმმართველობებისთვის გამოწვევას წარმოადგენს ჰაერის დაბინძურების ზრდა. ბოლო წლებში ჩვენ მიერ ინიცირებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტები გულისხმობს ისეთ მოწყობას, როდესაც პრიორიტეტი ფეხითმოსიარულეა, იზღუდება კერძო ავტომობილების გამოყენება, იზრდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმზიდველობა და წილი ქალაქში გადაადგილების საშუალებებს შორის, რაც, თავის მხრივ, ამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედების და ჰაერის დაბინძურების ხარისხს. ჩვენთვის ასევე პრიორიტეტულია ეკო მეგობრული ტრანსპორტის განვითარება, ამისთვის მხარს ვუჭერთ შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას.
ქალაქის მდგრად განვითარებაზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენთვის პრიორიტეტულია როგორც ისტორიულ არეალებში შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია-შენარჩუნება, ასევე არაისტორიულ არეალებში „მრავალბინიანი ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ განხორციელება უხეში ურბანული ჩარევის გარეშე“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ სამოქალაქო ჩართულობაზე, კერძო სექტორთან თანამშრომლობაზე ისაუბრა.
„თავისუფალი ბაზრის პირობებში ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ კერძო სექტორის განვითარებას იმგვარად, რომ დაცული იყოს საზოგადოებრივი ინტერესები. ჩვენი მხრიდან მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურის და ოპერატიული სერვისების შეთავაზება ბიზნესის წარმატებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.
მინდა აღვნიშნო სამოქალაქო ჩართულობის როლი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში. აქტიურობისთვის მადლობას ვუხდით თითოეულ მოქალაქეს თუ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას, რომელთა ჩართულობითაც მოხერხდა ქალაქისთვის სასიკეთო პროექტების შენარჩუნება და დანერგვა“, - დასძინა გიორგი ტყემალაძემ.
დასასრულს საკრებულოს თავმჯდომარემ ფორუმის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და მონაწილეებს ნაყოფიერი სამუშაო დღე უსურვა.
ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
ფორუმს საქართველოს პარლამენტის წევრები, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, ასევე დიპლომატები, უცხოელი სტუმრები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი 2007 წლიდან ჩამოყალიბდა მოწინავე იდეების გაცვლისა და ქმედითი გადაწყვეტილებების მიღების პლატფორმად, რომლის ფარგლებშიც ქალაქი ყოველწლიურად მასპინძლობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონის სპიკერებს, სხვადასხვა დარგის ექსპერტებს, მუნიციპალიტეტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს.
ფორუმის თემატიკა მოიცავს ურბანული განვითარების თანამედროვე ტენდენციებს და საჭიროებებს, რომლებიც მოითხოვს ქალაქების სრულ ჩართულობას და პროაქტიულ ქმედებებს.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.