GITA-ს „5000 IT სპეციალისტის მომზადების პროგრამაზე“ 1 000 აპლიკანტი სწავლას სახელმწიფო დაფინანსებით იწყებს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) „5000 დამწყები IT სპეციალისტის მომზადების პროგრამაზე“ მეხუთე, ბოლო ნაკადზე 1 000 აპლიკანტი სწავლას სახელმწიფო დაფინანსებით იწყებს. მათი შერჩევა 23,631 განაცხადიდან მოხდა.
პროგრამის მიმდინარე ნაკადის ფარგლებში, აპლიკანტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის სასურველი კურსები ოთხი ძირითადი მიმართულებიდან აერჩიათ: პროგრამირება, დიზაინი, მართვა/მხარდაჭერა და ხელოვნური ინტელექტი (AI).
ჩარიცხული აპლიკანტების რაოდენობა მიმართულებების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: პროგრამირება - 500 სტუდენტი; დიზაინი - 200 სტუდენტი; მართვა/მხარდაჭერა - 150 სტუდენტი; ხელოვნური ინტელექტი (AI) - 150 სტუდენტი.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდი მოთხოვნა ხელოვნური ინტელექტის (AI) მიმართულებაზე დაფიქსირდა, სადაც 3 798 აპლიკანტი დარეგისტრირდა. ეს ტექნოლოგიურ სფეროში AI-ს წლიდან წლამდე მზარდ პოპულარობასა და მისი შესწავლის მაღალ ინტერესზე მიუთითებს.
ჯამური რეგისტრაციების რაოდენობით მეორე ადგილზე პროგრამირების, შედგომ კი მართვა/მხარდაჭერის მიმართულებაა.
პროგრამა ინიციატივა „Do IT in Georgia“-ს შემადგენელი ნაწილია და მის მიზანს საქართველოში მაღალანაზღაურებადი სამუშაო ძალის მომზადება და მოქალაქეების ციფრულ სამყაროსთან ადაპტაცია წარმოადგენს.
IT კურსების შესახებ სრული ინფორმაცია განთავსებულია ინტეგრირებულ ონლაინ პლატფორმაზე - edu.doit.gov.ge. აღნიშნული რესურსი მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, ერთიან სივრცეში გაეცნონ პროფესიული განვითარების ყველა შესაძლებლობას, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს ციფრულ ინდუსტრიაში კარიერის დაგეგმვას.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.