GITA - ს ორგანიზებით, კასპის ტექნოპარკში ჰაკათონი Energo Hack 2025 გაიმართება
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, კასპის ტექნოპარკში, 6-7 სექტემბერს, ჰაკათონი Energo Hack 2025 გაიმართება. ჰაკათონის მიზანია საქართველოს მასშტაბით ენერგეტიკის სექტორში პრობლემების/გამოწვევების შესახებ მოკვლევა, შემდეგ კი მათი გადაწყვეტის მიზნით, ინოვაციური მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენება და კონკრეტული პროტოტიპების შექმნა. Energo Hack 2025 მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ ენერგეტიკის დარგის მწარმოებელ კომპანიებს, ენერგეტიკის დარგით დაინტერესებულ მეწარმეებს, სტარტაპებს და სტუდენტებს, პროტოტიპირებით, ინჟინერიით (განსაკუთრებით ენერგო/ელექტრო), პროგრამირებით, დიზაინითა და ტექნოლოგიური მეწარმეობით დაინტერესებულ პირებს.
ჰაკათონის ფორმატი რამდენიმე ფაზად იყოფა და მოიცავს ონლაინ ტრენინგს, მონაწილეებისთვის დავალებების ონლაინ რეჟიმში მიცემას, თეორიულ ნაწილს მსოფლიოში არსებულ ინოვაციებზე ენერგეტიკის სექტორში, მენტორინგ სესიებს, პროტოტიპირების პროცესს, Pitch Deck-ის მომზადებასა და დემო დღეს.
ჰაკათონი მიზნად ისახავს პროექტში მონაწილე კომპანიებისა და ორგანიზაციების დაკავშირებას ინოვაციურ და ტექნოლოგიურ იდეებზე მომუშავე ადამიანებთან და მათ შორის ახალი საქმიანი ურთიერთობის ჩამოყალიბების სტიმულირებას; კომერციალიზაციის მქონე ინოვაციური/ტექნოლოგიური სტარტაპ იდეებისა და პროტოტიპების შექმნას; რეგიონებში მცხოვრებ დაინტერესებულ ადამიანებში ინოვაციური აზროვნების, უნარების განვითარებას; რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობის ზრდას საქართველოს ინოვაციურ და სტარტაპ ეკოსისტემაში.
სარეგისტრაციო ბმული:
http://apps.mygita.ge/zs/2jCl3T
პროექტი დაფინანსენულია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ.
ჰაკათონის მხარდამჭერი - სემეკი (საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია);
ჰაკათონის გენერალური სპონსორი - სემეკის მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი;
ჰაკათონის პარტნიორი ორგანიზაციები - სსე (საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემები), GRPC (საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია), ლურჯი ოკეანე.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.