GITA - ს თავმჯდომარემ ბოტსვანას დელეგაციას უმასპინძლა
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ბოტსვანას რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს და ფინანსთა მინისტრს, ნდაბა ნკოსინატი გაოლატეს და სხვა ოფიციალურ წარმომადგენლებს ტექნოპარკში უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა დაათვალიერეს ტექნოპარკის ინფრასტრუქტურა, მათ შორის, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები ინოვაციური ეკოსისტემების განვითარების მიმართულებით. ავთანდილ კასრაძემ სტუმრებს სააგენტოს საქმიანობა და არსებული პროგრამები გააცნო, ასევე მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია იმ რეფორმების შესახებ, რომელსაც საქართველოს მთავრობა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მხარდაჭერის კუთხით ახორციელებს. საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა სტარტაპების მხარდაჭერის მექანიზმები, რეგიონული ტექნოპარკების ქსელის მართვა და ადამიანური კაპიტალის განვითარება IT სექტორში.
ვიზიტის დასასრულს ხაზი გაესვა საერთაშორისო პარტნიორობის სტრატეგიულ მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს ორივე ქვეყნის ინოვაციური პოტენციალის გაძლიერებას.
სხვა სიახლეები
ტექნოლოგიურმა ჰაბმა რეგიონული მასშტაბით უკვე დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგან ქალაქ ქუთაისში სრულიად რეგიონის ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით საინტერესო პროცესები დაიწყო - ავთანდილ კასრაძე
27.07.2026.21:30
„ქუთაისში რეგიონალური მასშტაბის ტექნოლოგიური ჰაბის გახსნით ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი გავაკეთეთ“, - ამის შესახებ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ განაცხადა.
სააგენტოს თავმჯდომარის შეფასებით, ტექნოლოგიურმა ჰაბმა სამხრეთ კავკასიის რეგიონის მასშტაბით უკვე დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგან ქალაქ ქუთაისში სრულიად რეგიონის ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით საინტერესო პროცესები დაიწყო.
ავთანდილ კასრაძე ტექნოლოგიური განვითარების გზაზე ოთხი მთავარი საფეხურის შესახებ საუბრობს, კერძოდ - ინტერესიდან-უნარამდე, უნარიდან - პროტოტიპამდე და პროტოტიპიდან უკვე ინოვაციურ ბიზნესამდე.
„ეს ოთხივე საფეხური წარმოდგენილი გვაქვს ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში. ყველაფერი იწყება ინტერესით - ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები კიდევ უფრო მეტად უნდა დაინტერესდნენ ტექნოლოგიებით, ინოვაციებით, მეცნიერებით“, - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.
სააგენტოს თავმჯდომარე ხაზს უსვამს, რომ ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში ყველაზე დიდი სივრცე ინტერაქციულ, სამეცნიერო და ტექნოლოგიურ მუზეუმს ეთმობა, რომელიც ინტერესის გაღვივების მთავარი ეპიცენტრია.
„ჩვენი შემდგომი ამოცანაა, რომ ამ ცნობისმოყვარეობას, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში გაჩნდება, უკვე კონკრეტული უნარები მივცეთ და მოქალაქეებს ჰქონდეთ სწავლების თანამედროვე მეთოდებთან წვდომა სრულიად უფასოდ. ცოდნის ამაღლების შემდგომ კი მათ შესაძლებლობა ექნებათ, მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიებში მიღებული ცოდნა კონკრეტულ პროდუქტებად გარდაქმნან. ჩვენი მიზანი სწორედ ისაა, რომ ჩვენს მოქალაქეებს გავუმარტივოთ პროცესები და მხარი დავუჭიროთ ინოვაციური სტარტაპების გლობალურ გაფართოებას. სწორედ ამიტომ, ამ ლოკაციაზე ერთად შევკარით ყველა ის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც ამ პროცესისთვისაა საჭირო. აქ წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის საკონსულტაციო ცენტრი, ასევე ინტელექტუალური საკუთრების სწავლების ცენტრი, რადგან პატენტებსა და ინეტელექტუალურ საკუთრებას სტარტაპებისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. სახელმწიფო უწყებებთან ერთად აქ წარმოდგენილი იქნება კერძო სექტორიც“- აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკები საქართველოს 9 ქალაქშია წარმოდგენილი, თუმცა ქალაქ ქუთაისში ყველაზე დიდი ტექნოლოგიური პარკი განთავსდა - ულტრათანამედროვე ლაბორატორიებით, ისეთი, როგორიცაა ვირტუალური რეალობის, დრონების, ელექტრონიკის, 3D პროტოტიპირების მიმართულებით.
„გარდა ამისა პირველი ლაბორატორია რობოტიკის მიმართულებით სწორედ ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში განთავსდა. ამიტომ მინდა, ჩვენს ყველა თანამოქალაქეს ვუთხრა - არ არსებობს იდეა, რომელსაც ისინი ფრთებს ვერ შეასხამენ ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში“- განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.