გივი მიქანაძემ სასკოლო ფორმების მოსწავლეებისთვის უსასყიდლოდ გადაცემისა და რეალიზაციის საკითხებზე ისაუბრა
„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სასკოლო ფორმა უსასყიდლოდ გადაეცემა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის იმ მოსწავლეებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65 001 ქულაზე ნაკლებია.
უსასყიდლოდ სასკოლო ფორმით ასევე უზრუნველყოფილნი იქნებიან მოსწავლეები, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვაში, მათ შორის, ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში, განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში ან განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში.
სასკოლო ფორმას ასევე მიიღებენ ის მოსწავლეები, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში,“ - აღნიშნულის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, უსასყიდლოდ გადასაცემი სასკოლო ფორმის ნაკრები ბიჭებისთვის შედგება ერთი პიჯაკისა და ორი შარვლისგან, ხოლო გოგონებისთვის – ერთი პიჯაკის, ერთი შარვლისა და ერთი ქვედაკაბისგან.
გივი მიქანაძემ სასკოლო ფორმების რეალიზაციის საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, პირველი სექტემბრიდან დაიწყება ფორმების გაყიდვა როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ გაყიდვის რეჟიმში და უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში საზოგადოება დეტალურად იქნება ინფორმირებული აღნიშნულთან დაკავშირებით.
სხვა სიახლეები
საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოების ხარისხის მონიტორინგი გრძელდება
21.09.2026.11:38
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე და დასრულებულ საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოების ხარისხის მონიტორინგს რეგულარულად ახორციელებს. აღნიშნული პროცესის ფარგლებში ხარისხის კონტროლი მიმდინარეობს ქვეშეთი–კობის ახალი გზისა და გვირაბის მშენებლობის პროექტზეც.
მონიტორინგის ფარგლებში მოწმდება როგორც გამოყენებული სამშენებლო მასალების ხარისხი, ისე შესრულებული სამუშაოების შესაბამისობა დადგენილ მოთხოვნებთან. მათ შორის, კონტროლდება ასფალტ-ბეტონისა და ბეტონის ხარისხი, არმატურა, გზის საფუძვლის ფენები, საინჟინრო ნაგებობების მდგომარეობა, გზების საექსპლუატაციო პარამეტრები და საგზაო უსაფრთხოებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.
ამ ეტაპზე, ქვეშეთი–კობის პროექტზე მიმდინარე გეგმური მონიტორინგის ფარგლებში შემოწმდა საყრდენი კედლებისა და გვირაბის კედლების მოსაწყობად გამოყენებული ბეტონის ხარისხი. ასევე განხორციელდა 9-კილომეტრიანი მთავარი და მისი პარალელური საევაკუაციო გვირაბების ტოპოგრაფიული აგეგმვა.
შემოწმების შედეგები შესაბამისი დასკვნების მომზადების საფუძველია, რის მიხედვითაც, საჭიროების შემთხვევაში, განისაზღვრება შემდგომი ღონისძიებები.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის მონიტორინგისა და ხარისხის კონტროლის სამსახური საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ხარისხის გეგმურ მონიტორინგს ქვეყნის მასშტაბით გააგრძელებს.