გლდანის დიდი (თეთრი) ტბის ეკოლოგიური პრობლემის გადაჭრის მიზნით კონკრეტული ღონისძიებები დაიწყო
თბილისის მერიამ გლდანის დიდი (თეთრი) ტბის ეკოლოგიური პრობლემის გადაჭრის მიზნით კონკრეტული ღონისძიებები დაიწყო.
აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიაწოდა.
„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს დაევალა, გლდანის (თეთრი) ტბის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ტერიტორიის შესწავლა. აღნიშნულ ტბას წლების განმავლობაში ყურადღება არ ექცეოდა, პრობლემა გახდა მისი წყლით შევსება, რის გამოც, მან დაიწყო დაშრობა, რაც გლდანის მცხოვრებთათვის პრობლემას წარმოადგგენს. აღნიშნულთან დაკავშირებით ბევრი წერილი შემოვიდა. ამიტომ, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს დაევალა პრობლემის გამომწვევი მიზეზების შესწავლა. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ტბის შევსება/გაჯანსაღებისთვის მისი მოცულობის საჭირო ნიშნულამდე გაზრდა დაიგეგმა. იქედან გამომდინარე, რომ წყლის შევსება ბუნებრივი გზით შეუძლებელია, მისი მოცულობის გაზრდა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ბალანსზე არსებული ბოდორნა-ღრმაღელის წყალგამტარი გვირაბის მეშვეობით განხორციელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, ჩატარებული კვლევის საფუძველზე, დამუშავდა პროექტი, რომელიც შეთანხმდა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“, რომლის მიხედვითაც, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ტბის ეკოლოგიური პრობლემის გადაჭრის მიზნით დაიწყო კონკრეტული ღონისძიებები.
„კერძოდ, ამ ეტაპზე, შეთანხმებული პროექტის მიხედვით, სამსახურმა უკვე დაიწყო შემავსებელი სისტემის მოწყობა, რომელიც უნდა დაერთდეს ზემოაღნიშნულ წყალგამტარ გვირაბზე. აღნიშნული სამუშაო მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს დასრულდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივას, კახა კალაძის ინფორმაციით, ტბის შევსება ალტერნატიული მეთოდით განხორციელდება.
„გლდანის დიდი ტბა შეივსება მიმდებარე ფერდობებზე წარმოქმნილი ატმოსფერული ბუნებრივი წყლებით, რომელიც სანიაღვრე კოლექტორის მეშვებით ჩაეშვება ტბაში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ზემოაღნიშნული ღონისძიებების დახმარებით, შევინარჩუნებთ და გადავარჩენთ გლდანის თეთრ ტბას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.