გოგა გულორდავა დღეიდან 6 წელი ComCom-ის წევრია
გოგა გულორდავა დღეიდან 6 წლის ვადით კომუნიკაციების კომისიის წევრია. მას 26 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. გოგა გულორდავა საქართველოს პარლამენტმა ComCom-ის წევრად 77 ხმით, ერთხმად დაამტკიცა. ინფორმაციას ComCom-ი ავრცელებს.
კომუნიკაციების კომისიის წევრობამდე, გოგა გულორდავა 2 წლის განმავლობაში ტელეკომპანია „ტელეიმედში“ ფინანსური მონიტორისა და აუდიტის პოზიციას იკავებდა. 2020 წლიდან 2025 წლამდე, იგი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში გენერალური დირექტორის მრჩეველი, შემდგომ კი, ამავე უწყებაში, შიდა აუდიტის დირექტორი იყო. 2016-2020 წლებში გოგა გულორდავა საქართველოს პარლამენტის წევრი, ხოლო 2013-2016 წლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო.
2011-2013 წლებში გოგა გულორდავა საქართველო-ისრაელის ერთობლივი სამედიცინო კლინიკა „ოქსფორდ-მედიკალ ჯორჯიას“ დირექტორის პოზიციას იკავებდა. 2009 წლიდან 2011 წლამდე კი შპს „მედია ალიანსის“ იურისტი იყო. მანამდე, გოგა გულორდავა 2 წლის განმავლობაში „საქართველოს სატყეო საკონსულტაციო ცენტრის“ დირექტორი იყო, ხოლო 2008-2009 წლებში თბილისის იურიდიული ცენტრის (TLC) იურისტი. 2000-დან 2007 წლამდე გოგა გულორდავა საქართველოს კონტროლის პალატაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. თავდაპირველად, რეფორმებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი იყო, შემდგომ - ამავე დეპარტამენტის წამყვანი კონტროლიორი. მოგვიანებით, გოგა გულორდავამ შიდა კონტროლისა და საგანგებო დავალებათა სამმართველოს წამყვანი კონტროლიორის პოზიცია დაიკავა, 2004-2005 წლებში კი რეალური სექტორისა და პრივატიზების დეპარტამენტის წამყვანი კონტროლიორი გახდა. ამის შემდეგ, გოგა გულორდავას, ამავე დეპარტამენტში მთავარი კონტროლიორის პოზიცია ეკავა. საქართველოს კონტროლის პალატამდე, იგი 2 წლის განმავლობაში შპს „უნივერსალის“ იურისტ-კონსულტანტი იყო.
პროფესიით გოგა გულორდავა იურისტია, მან 1995-2000 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. სხვადასხვა დროს გოგა გულორდავას გავლილი აქვს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობის, სახელმწიფო შესყიდვების, ფინანსური აღრიცხვის, აუდიტორებისა და პროკურორების სასწავლო კურსები საქართველოსა და სხვა ქვეყნებში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გერმანიაში. გარდა ამისა, ჩაბარებული აქვს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
სხვა სიახლეები
ComCom-ისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს შორის მედიისა და ელექტრონული კომუნიკაციების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
06.10.2026.14:35
კომუნიკაციების კომისიამ საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებსა და ამერიკელ ექსპერტ შეინ თიუსთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის მთავარი თემა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში კომუნიკაციებისა და მედიის მარეგულირებლების ცვალებადი როლი იყო. შეინ თიუსი საკონსულტაციო კომპანია „ლოგან სერქლ სტრატეჯიზის“ (Logan Circle Strategies) პრეზიდენტი და „ამერიკული მეწარმეობის ინსტიტუტის“ (American Enterprise Institute) უფროსი მკვლევარია. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ციფრული ეკონომიკა, ხელოვნური ინტელექტი, კიბერუსაფრთხოება, ინტერნეტის მმართველობა, მონაცემთა დაცვა და ახალი ტექნოლოგიები.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ელექტრონული კომუნიკაციებისა და მედიის სექტორებში არსებულ გლობალურ ტენდენციებსა და ახალ პრიორიტეტებს. მონაწილეებმა ასევე განიხილეს, რა შესაძლებლობებსა და გამოწვევებს ქმნის ხელოვნური ინტელექტისა და ახალი ტექნოლოგიების განვითარება მომხმარებლების, სატელეკომუნიკაციო ოპერატორების, მედიამომსახურების მიმწოდებლებისა და მარეგულირებელი ორგანოებისთვის.
დისკუსია შეეხო ხელოვნური ინტელექტის მართვასა და ამ მიმართულებით ტელეკომუნიკაციებისა და მედიის მარეგულირებელი ორგანოების როლს, ასევე ტელეკომუნიკაციების, კონკურენციის, მონაცემთა დაცვის, მომხმარებელთა დაცვისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში მოქმედ უწყებებს შორის კოორდინაციას.
შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ეფექტიან რეგულირებასა და ინოვაციას, ინვესტიციებსა და კონკურენციას შორის ბალანსზე. საუბარი შეეხო ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ კიბერუსაფრთხოების რისკებსა და სატელეკომუნიკაციო ქსელების მდგრადობას.
დისკუსიის ფარგლებში განიხილეს აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული მარეგულირებელი მიდგომები და პრაქტიკული გამოცდილება.
დასასრულს, სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს საქართველოს როლზე გლობალურ ციფრულ გარემოში, ქვეყნის პოტენციურ კონკურენტულ უპირატესობებსა და სტრატეგიული განვითარების შესაძლებლობებზე.