გოგა გულორდავამ კოლეგა მარეგულირებლების ხელმძღვანელებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ, მარეგულირებლების რიგით 26-ე გლობალური სიმპოზიუმის (GSR-26) ფარგლებში, კოლეგა მარეგულირებელი უწყებების ხელმძღვანელებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.
ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმს კომუნიკაციების კომისიასა და კვიპროსის კომუნიკაციების ოფისს (DSA) შორის. შეთანხმება მიზნად ისახავს უწყებებს შორის მჭიდრო კოორდინაციასა და გამოცდილების გაზიარებას ტელეკომუნიკაციების სფეროში არსებული აქტუალური საკითხების გარშემო.
გოგა გულორდავამ შეხვედრები ასევე გამართა აზერბაიჯანის საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების სააგენტოს (ICTA) თავმჯდომარე ნაილ მარდანოვთან, ბრაზილიის ეროვნული ტელეკომუნიკაციების სააგენტოს (ANATEL) პრეზიდენტ კარლოს მანუელ ბაიგორისთან, საუდის არაბეთის სამეფოს კომუნიკაციების, კოსმოსისა და ტექნოლოგიების კომისიის (CST) მმართველ ჰაითამ ალ-ოჰალისთან. შეხვედრების ფარგლებში საუბარი მარეგულირებელ უწყებებს შორის თანამშრომლობასა და სამომავლო საერთო ინიციატივებს შეეხო.
ღონისძიების ფარგლებში, გოგა გულორდავამ შეხვედრა ასევე გამართა Cullen International-ის მმართველ დირექტორთან, ეზეკიელ დომინგესთან.
სხვა სიახლეები
ComCom-ისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს შორის მედიისა და ელექტრონული კომუნიკაციების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
06.10.2026.14:35
კომუნიკაციების კომისიამ საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებსა და ამერიკელ ექსპერტ შეინ თიუსთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის მთავარი თემა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში კომუნიკაციებისა და მედიის მარეგულირებლების ცვალებადი როლი იყო. შეინ თიუსი საკონსულტაციო კომპანია „ლოგან სერქლ სტრატეჯიზის“ (Logan Circle Strategies) პრეზიდენტი და „ამერიკული მეწარმეობის ინსტიტუტის“ (American Enterprise Institute) უფროსი მკვლევარია. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ციფრული ეკონომიკა, ხელოვნური ინტელექტი, კიბერუსაფრთხოება, ინტერნეტის მმართველობა, მონაცემთა დაცვა და ახალი ტექნოლოგიები.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ელექტრონული კომუნიკაციებისა და მედიის სექტორებში არსებულ გლობალურ ტენდენციებსა და ახალ პრიორიტეტებს. მონაწილეებმა ასევე განიხილეს, რა შესაძლებლობებსა და გამოწვევებს ქმნის ხელოვნური ინტელექტისა და ახალი ტექნოლოგიების განვითარება მომხმარებლების, სატელეკომუნიკაციო ოპერატორების, მედიამომსახურების მიმწოდებლებისა და მარეგულირებელი ორგანოებისთვის.
დისკუსია შეეხო ხელოვნური ინტელექტის მართვასა და ამ მიმართულებით ტელეკომუნიკაციებისა და მედიის მარეგულირებელი ორგანოების როლს, ასევე ტელეკომუნიკაციების, კონკურენციის, მონაცემთა დაცვის, მომხმარებელთა დაცვისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში მოქმედ უწყებებს შორის კოორდინაციას.
შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ეფექტიან რეგულირებასა და ინოვაციას, ინვესტიციებსა და კონკურენციას შორის ბალანსზე. საუბარი შეეხო ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ კიბერუსაფრთხოების რისკებსა და სატელეკომუნიკაციო ქსელების მდგრადობას.
დისკუსიის ფარგლებში განიხილეს აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული მარეგულირებელი მიდგომები და პრაქტიკული გამოცდილება.
დასასრულს, სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს საქართველოს როლზე გლობალურ ციფრულ გარემოში, ქვეყნის პოტენციურ კონკურენტულ უპირატესობებსა და სტრატეგიული განვითარების შესაძლებლობებზე.