გომისმთამდე მისასვლელი 21 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა - ირაკლი ქარსელაძე
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ოზურგეთიდან გომისმთამდე მისასვლელი 21 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დაასრულა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ოზურგეთიდან კურორტ გომისმთამდე მგზავრობა ახლად რეაბილიტირებული თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი, კომფორტული და უსაფრთხო გზით უკვე 45 წუთშია შესაძლებელი.
„33 კმ-იანი გზის 21 კმ-იანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია წელს დასრულდა, სადაც სრულად არის დაცული საგზაო უსაფრთხოების შესაბამისი სტანდარტი და ყველა ის მოთხოვნა, რომელიც შიდასახელმწიფოებრივი გზისთვის არის აუცილებელი. დამუშავდა რამდენიმე მეწყრული მონაკვეთი, ერთ მეწყრულ მონაკვეთზე გრძელდება მონიტორინგი. ამდენად, შეიძლება ითქვას რომ, განახლებული გზა უკვე სრულ შესაბამისობაშია დადგენილ სტანდარტებთან“, - აღნიშნა მინისტრმა რეაბილიტირებული გზის მონახულების შემდეგ.
რეაბილიტაციამდე გზა ვიწრო, დაზიანებული და ხრეშოვანი იყო. პროექტის ფარგლებში, განახლდა გზის საფარი და ხელოვნური ნაგებობები. მოეწყო ადგილობრივ გზებთან მიერთებები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნები და მგზავრთა მოსაცდელი პავილიონები. ასევე, საავტომობილო გზა აღიჭურვა საგზაო ნიშნებით, დამონტაჟდა ზღუდარები, საგზაო ბოძკინტები და მოინიშნა სავალი ნაწილი.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზა (კმ13-კმ32.6) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს და მთაგორიან, დაუსახლებელ რელიეფზე გადის. გზა ბჟუჟჰესის ტერიტორიაზე იწყება და გომის მთის საკურორტო დასახლებაში სრულდება. ამ მონაკვეთზე გამართული საგზაო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანია როგორც რეგიონის მოსახლეობის, ისე ტურისტებისა და ვიზიტორების უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 18.8 მილიონი ლარით დაფინანსდა.
მინისტრმა, ასევე, აღნიშნა, რომ გურიის რეგიონში ახლახან დასრულდა ბახმარომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციაც. საერთო ჯამში კი, გურიაში არაერთი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 71 კმ-ზე მეტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაცია-მშენებლობა დასრულდა.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.