გორის მუნიციპალიტეტში თანამედროვე საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების მშენებლობა მიმდინარეობს
„საქართველოს მთავრობის დავალებით, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მასშტაბური პროგრამა დაიწყო. ამ ეტაპზე ქვეყანაში 54-მდე საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი შენდება. დღეს მეჯვრისხევში მიმდინარე სამუშაოები დავათვალიერეთ''-ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ გორის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამას აქტიურად აგრძელებს. პროგრამის ფარგლებში, ქალაქ გორსა და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში თანამედროვე საფეხბურთო ტექნიკური ცენტრები შენდება, რომელთა მშენებლობის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე.
მინისტრთან ერთად ობიექტები დაათვალიერეს, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეებმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გორსა და მეჯვრისხევში თანამედროვე სტანდარტების საფეხბურთო ტექნიკურ ცენტრებს აშენებს. პროექტის ფარგლებში ორივე ლოკაციაზე ეწყობა ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო მოედნები, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები და სპორტსმენებისთვის აუცილებელი სრული ინფრასტრუქტურა — გასახდელები, სველი წერტილები, სამედიცინო ოთახები და დამხმარე სათავსოები.
სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა მნიშვნელოვანია რეგიონების განვითარებისთვის, ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებისთვის თანამედროვე და ხარისხიანი სავარჯიშო გარემოს შექმნისთვის
საფეხბურთო ტექნიკური ცენტრები ადგილობრივ სპორტსმენებსა და ახალგაზრდებს ყოველდღიური საწვრთნელი პროცესისთვის თანამედროვე სივრცით უზრუნველყოფს, ხელს შეუწყობს ფეხბურთის პოპულარიზაციას, მასობრივი სპორტის განვითარებას და რეგიონებში სპორტული ღონისძიებების ჩატარებას.
,,პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც მასობრივი სპორტის, ისე ფეხბურთის განვითარებისათვის. მისი განხორციელების შედეგად, ათიათასობით ქართველ ბავშვს ექნება შესაძლებლობა, ივარჯიშოს თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სტადიონებზე. ყველა სტადიონი შენდება UEFA-ს სტანდარტების შესაბამისად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით, რაც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნას“-აღნიშნა რევაზ სოხაძემ.
მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით 50-ზე მეტი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობას გეგმავს, რაც რეგიონებში თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურის ქსელის შექმნისა და ახალგაზრდებისთვის სპორტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება.
სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით შიდა ქართლში პარალელურად მიმდინარეობს სურამის რაგბის ტექნიკური ცენტრის მშენებლობა, ხოლო სურამის მულტიფუნქციური სპორტული ცენტრის პროექტირება აქტიურ ეტაპზეა.
სხვა სიახლეები
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 133-ე შეხვედრა ჩატარდა
23.07.2026.18:10
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 133-ე შეხვედრა ჩატარდა.
შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კვლავ მკაცრად დააყენეს საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლის/წარმომადგენლების პასუხისგებაში მიცემისა და სამართლის აღსრულების საკითხი.
ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია.
განხილვის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვას და ე.წ. გადასასვლელ პუნქტებზე არსებულ რეჟიმს.
ამასთან, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის მზარდი ტენდენცია.
ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მკაცრად მოითხოვეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლება.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრის თარიღად 2026 წლის 8 სექტემბერი განისაზღვრა.